„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია. ზუსტად 10 წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი გუნდის შეფასებით, დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს.
„სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება. დღეს საქართველო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, ღრმად გვწამს, რომ ქართველი ხალხის თანადგომით, ყველა სირთულეს ღირსეულად დავძლევთ. საქართველოს გამთლიანება და კეთილდღეობის თითოეულ ოჯახამდე მიტანა არის ის ოცნება, რომლის გარშემოც ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა. გვჯერა, რომ თითოეული პატრიოტი ქართველის ეს ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. ის ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტ პიროვნულ როლს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლაში.
„ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა — მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას. ამის შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის — ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, — აცხადებს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, ყველაფერი ეს შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების უდიდესი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე.
„დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას. მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი”, — ნათქვამია განცხადებაში.