ახალი ამბები

იმის გამო, რომ პოლიციელებმა საპირფარეშოში არ შეუშვეს, დაკავებულმა შარვალში მოშარდა — ლომჯარია

30 სექტემბერი, 2022 • 983
იმის გამო, რომ პოლიციელებმა საპირფარეშოში არ შეუშვეს, დაკავებულმა შარვალში მოშარდა — ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას მოქალაქეთა დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კი მას კონკრეტული ფაქტების დასახელება სთხოვა.

პასუხად ლომჯარიამ ერთ-ერთი შემთხვევა დაასახელა, როცა პოლიციელმა დაკავებულ მოქალაქეს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება არ მისცა.

“გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები საეჭვო დაზიანებებზე, რაც დაკავების დროს თუ შემდგომ პერიოდში იყო მიყენებული.

გარდა ამისა, არაერთი მოქალაქე მოვინახულეთ დაკავების შემდგომ. განსაკუთრებით ეს ეხებოდა აქციების დროს დაკავებულ პირებს, როდესაც ისინი ჩიოდნენ და მოგვმართავდნენ, რომ მათ არასათანადოდ მოეპყრნენ ან მათ მიმართ ძალას გადაამეტეს.

რა თქმა უნდა, გვაქვს ინდივიდუალური შემთხვევა ერთ-ერთი ასეთი მძიმე შემთხვევა იყო, რომელიც ჩემს ანგარიშში არ ვახსენე კონკრეტულად, მაგრამ შემიძლია მოგიყვეთ. მაგალითად, მე ვსაუბრობდი შემთხვევებზე, როდესაც დაკავებულები პოლიციას საპირფარეშოთი სარგებლობას სთხოვდნენ.

ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ასეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქე დააკავეს. იმის გამო, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში არ მისცეს საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა, მან პოლიციელების, სხვა პირების თვალწინ საკუთარ შარვალში მოშარდა. ეს იყო ნამდვილად ღირსების შემლახავი და დამამცირებელი“, — განაცხადა ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი