ახალი ამბები

სასამართლოში გავლენიან ჯგუფებზე საუბარი შეურაცხმყოფელია — უზენაესის მოსამართლე

30 სექტემბერი, 2022 •
სასამართლოში გავლენიან ჯგუფებზე საუბარი შეურაცხმყოფელია — უზენაესის მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ამბობს, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე საუბარი.

ამის შესახებ მან პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

გოჩა აბუსერიძემ სახალხო დამცველს მოსთხოვა, რომ როცა სასამართლოში სისტემაში გავლენიან ჯგუფების არსებობაზე საუბრობს, ამის მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

„გარკვეული გავლენიანი ჯგუფების მხრიდან სასამართლოს მართვა მტკიცებით ფორმაშია წარმოდგენილი [ომბუდსმენის ანგარიშში]. მაინტერესებს თქვენი მხრიდან კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის, ასევე ნებისმიერი მოსამართლისთვის, არის შეურაცხმყოფელი. მე ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ კონკრეტული პირი მონაწილეობს ჩემ მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. რატომ ფიქრობთ, რომ სასამართლოში ასე ხდება, ჩემთვის გაუგებარია“, — განაცხადა გოჩა აბუსერიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფები („მოსამართლეთა კლანი“). კლანის ლიდერებში ისინი მოიაზრებენ მოსამართლეებს, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს, რომლებიც „კლანის“ არსებობას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი