ახალი ამბები

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას — პრაისი ლუკაშენკოს ვიზიტზე

29 სექტემბერი, 2022 • 745
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას — პრაისი ლუკაშენკოს ვიზიტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისის განცხადებით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამის შესახებ პრაისმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და დაგმო ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში“, — განაცხადა პრაისმა და დასძინა, რომ მეტ დეტალებს ელის საქართველოს მთავრობისგან.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი