ახალი ამბები

უმკაცრესი რეაგირება გვექნება — ბურჭულაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

28 სექტემბერი, 2022 •
უმკაცრესი რეაგირება გვექნება — ბურჭულაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ხელს არ უწყობს საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობას.

„ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ“, — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერს ურჩევს, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას:

„არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს, დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ან ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა“, — განაცხადა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ „პოსტივის“ ეთერში გაკეთებულ კომენტარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი