ახალი ამბები

5 ნაბიჯი, რომელიც „ლელოს“ აზრით უნდა გადაიდგას ლუკაშენკოს ვიზიტის საპასუხოდ

28 სექტემბერი, 2022 • 644
5 ნაბიჯი, რომელიც „ლელოს“ აზრით უნდა გადაიდგას ლუკაშენკოს ვიზიტის საპასუხოდ

„ლელოს“ განცხადებით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა არის საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფა.

პარტიის აზრით, ლუკაშენკოს ვიზიტი მიანიშნებს საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას.

„ლელოს“ მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას შემდეგნაირად:

  1. საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას — საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში;
  3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი;
  4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.
  5. გაეროს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაცებში ბელარუსის ელჩების გამოძახება განმარტებების მისაცემად.

„ხელისუფლება, რომელმაც უკვე მრავალი წელი დაკარგა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით რაიმე შედეგის მისაღწევად, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, მორიგ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ უპირისპირებს რუსეთის დღის წესრიგს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში“, — ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. მისი შეფასებით, აღნიშნული არის ღია კონფრონტაცია საქართველოს სახელმწიფოსთან, მის სუვერენიტეტთან და დამოუკიდებლობასთან.

„ჩვენს ქვეყანას ყველა მხრიდან უტევენ, „ოცნების“ ხელისუფლება კი აგრძელებს კაპიტულანტურ უმოქმედობას და რუსეთის მიმართ ღია საზღვრის პოლიტიკას“, — წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი