კიევის საქალაქო პროკურატურა აცხადებს, რომ დაადგინა 5 რუსი სამხედროს ვინაობა, რომლებიც ომის დაწყების პირველ დღეებში გოსტომელში რამდენიმე საათის განმავლობაში ესროდნენ სამოქალაქო მანქანებს, რის შედეგადაც დაშავდა 6 და დაიღუპა 5 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა ომის დასაწყისში, 28 თებერვალს მოხდა. უწყების ცნობით, ხუთი რუსი სამხედრო ამოცნობილია და მათ დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი ომის კანონების დარღვევაში და განზრახ მკვლელობაში [უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი].

სამართალდამცავების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. დაზარალებულებს შორის კი არიან გერმანიის ერთი მოქალაქე და ბუჩის რაიონული პოლიციის თანამშრომელი.

გამოძიების თანახმად, 2022 წლის 25 თებერვალს რუსმა სამხედროებმა კიევის აღების უშედეგო მცდელობის შემდეგ უკან დაიხიეს და გოსტომელში დაიკავეს პოზიციები, სადაც 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესროდნენ სამოქალაქო მანქანებს, რომლებიც საბრძოლო ზონის დატოვებას ცდილობდნენ.