ახალი ამბები

მიქანაძე ენმ-ის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და არც 2012-ში ყოფილა ენმ-ის წინააღმდეგ – ბეჟაშვილი

28 სექტემბერი, 2022 •
მიქანაძე ენმ-ის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და არც 2012-ში ყოფილა ენმ-ის წინააღმდეგ – ბეჟაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვის დაწესებაზე ისაუბროს.

ამის შესახებ მიქანაძემ ენმ-ის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც გულისხმობს საქართველოში შემოსვლისას რუსეთის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო შენატანის სახით 1000 ლარის გადახდის დაწესებას. ინიციატივა დღეს, 28 სექტმებერს, ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მიქანაძის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს „ყვავილებით ხვდებოდა“.

„ნებისმიერი ინიციატივა დეტალურ შესწავლას საჭიროებს. თუმცა ლევან ბეჟაშვილი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც მორალური უფლება არ აქვს, ეს საკითხი დააყენოს, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, როცა 2008 წლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, მათი ლიდერი, მაშინდელი პრეზიდენტი და ახლა მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, რუს ტურისტებს ყვავილებით ხვდებოდა ლარსის საბაჟო პუნქტზე.

ამიტომ მორალს აცდენილია მისი და მისი გუნდის მსგავსი განცხადებები, როცა სავიზო რეჟიმი სწორედ მათი ხელისუფლების პერიოდში მოიხსნა და ახლა ჩვენ გვთხოვენ, რომ აღვადგინოთ და როცა ისინი რუს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, მაქსიმალურად ჩამოსულიყვნენ საქართველოში. ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომის შემდეგ ყველა სტრატეგიული ობიექტი, ელექტროსადგურები და თბოსადგურები მიჰყიდეს რუსულ კომპანიებს. ამ ადამიანებისგან გაკეთებული განცხადება სრულიად ალოგიკური და ამორალურია“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და წარსული შეახსენეს. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, 2005 – 2008 წლებში გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

„ბატონი გივისგან ეს განცხადება ცოტა უცნაურია მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბატონ გივის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა წლების განმავლობაში და არც 2012 წელს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ამიტომ ცოტა უცნაურია ეს სახეცვლილება და ასეთი რიტორიკა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა „ფორმულასთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი