ახალი ამბები

ენმ საქართველოში შემოსასვლელად რუსებისთვის 1000 ლარის გადახდის დაწესებას ითხოვს

28 სექტემბერი, 2022 • 1183
ენმ საქართველოში შემოსასვლელად რუსებისთვის 1000 ლარის გადახდის დაწესებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას  საოკუპაციო შენატანის სახით 1000 ლარის გადახდის ვალდებულება დაუწესდეთ. ინიციატივის შესახებ დღეს, 28 სექტემბერს, ენმ-ის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება უნდა გავრცელდეს რუსეთის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც უკვე საქართველოში არიან.

„ჩვენი პარტია და საპარლამენტო ფრაქცია გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებთ პოლიტიკურ განაცხადს ამ პროცესთან მიმართებით. აღნიშნული კანონპროექტი  ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას. ეს თანხა იქნება 1000 ლარი თითუეულ  მოქალაქეზე.

ამ გადახდის უზრუნველყოფით, ერთი მხრივ, გარანტირებული იქნება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რუსეთი არის აგრესორი. იმავდროულად, ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს იმისათვის, რომ თუ მათ არ სურთ ამის აღიარება და თანხის გადახდა, შეუძლიათ არ ისარგებლონ ამით და არ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით,  ეს თანხები დევნილთა საჭიროებებზე იქნება მიმართული.

„აღნიშნული შენატანის დაწესება იქნება სოლიდარობის გამოცხადება იმ დევნილებისათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამისად, ამ შენატანის გადახდის ვალდებულებისთვის დევნილთა სამინისტროში იქნება შექმნილი დევნილთა დახმარების ფონდი და ეს თანხები მიზნობრივად გადაირიცხება დევნილთა საჭიროებისთვის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

გუშინ, 27 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 10 დღეში საქართველოში რუსეთის 78 742 მოქალაქე შემოვიდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ 21 სექტემბრიდან მოიმატა, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი