ახალი ამბები

აშშ, პოლონეთი და ბულგარეთი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ

28 სექტემბერი, 2022 • 727
აშშ, პოლონეთი და ბულგარეთი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთი, სანამ ჯერ კიდევ რჩება კომერციული მოგზაურობის შეზღუდული შესაძლებლობები.

აშშ-ის საელჩომ რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციასთან დაკავშირებით გამოსცა გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა შეიძლება უარი თქვას ორმაგი (ამერიკის და რუსეთის) მოქალაქეობის მქონე პირების აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, ხელი შეუშალოს მათ აშშ-ის საკონსულო დახმარების მიღებასა და რუსეთიდან გამგზავრებაში და სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.

„კომერციული ფრენის ვარიანტები ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად მიუწვდომელია მოკლე დროში. სახმელეთო მარშრუტები მანქანებისა და ავტობუსებისთვის კვლავ ღიაა. თუ გსურთ რუსეთის დატოვება, რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ დამოუკიდებელი ზომები. აშშ-ის საელჩოს მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, დაეხმაროს ამერიკის მოქალაქეებს და გარემოებები, მათ შორის ტრანსპორტირების ვარიანტები, შეიძლება მოულოდნელად კიდევ უფრო შეზღუდული გახდეს. აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან მოგზაურობს რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ კომერციული მოგზაურობის შეზღუდული შესაძლებლობები რჩება“, — ნათქვამია განცხადებაში.

სავიზო პროცედურებზე, რუსეთიდან გასვლის გზებზე, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში შესვლის პირობებზე, აშშ  ინფორმაციას აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე: travel.state.gov.

აშშ ახსენებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ რუსეთში არ არის გარანტირებული მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება და მოუწოდებს, მოერიდონ ყველა პოლიტიკურ ან სოციალურ პროტესტს, რადგან რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ.

რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდa საკუთარ მოქალაქეებს ბულგარეთმაც. შესაბამისი განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს გაავრცელა.

პოლონური გამოცემა TVP-ის ცნობით, მსგავსი განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეფერხდეს ან შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს… ჩვენ ვურჩევთ პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დატოვონ მისი ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებების გამოყენებით“, — განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც შეეხება რუსეთში მცხოვრებ ორმაგი — მათ შორის, საქართველოს — მოქალაქეობის მქონე პირებს.

თბილისს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება და არ გამოუცია რაიმე გზამკვლევი საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაძლოა, რუსეთში სამხედრო გაწვევას დაექვემდებარონ.

ამ თემაზე:

მობილიზაცია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეეხებათ, თბილისი დუმს

მასალების გადაბეჭდვის წესი