ახალი ამბები

ირანში პროტესტი გრძელდება, იზრდება დაღუპულთა რიცხვი

28 სექტემბერი, 2022 • 1276
ირანში პროტესტი გრძელდება, იზრდება დაღუპულთა რიცხვი

აქტივისტების თანახმად, ირანში მიმდინარე დემონსტრაციების დროს, 11 დღის განმავლობაში, უსაფრთხოების ძალებმა 76 დემონსტრანტი მოკლეს. მიუხედავად ხელისუფლების ხისტი პასუხისა, ირანის ქალაქებში მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვით გამოწვეული პროტესტი.

უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის, “Amnesty International” და ნორვეგიაში მოქმედი “Iran Human Rights (IHR)”, ირანის ხელისუფლებას ადანაშაულებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს და “მეამბოხეებს” სდებს ბრალს მკვლელობებში.

სახელმწიფო მედია საუბრობს 41 დაღუპულზე, რომელთა შორისაც, მათივე ცნობით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებიც არიან. ხელისუფლების თანახმად, გასულ დღეებში 1 200 ადამიანი დააკავეს. BBC-ის მიხედვით, დაკავებულთა შორის 20 ჟურნალისტია.

“საპროტესტო აქციის მონაწილეების წამებისა და მათდამი არასათანადო მოპყრობის რისკი სერიოზულია, მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი საბრძოლო მასალის გამოყენება კი — საერთაშორისო დანაშაული”.

“მსოფლიომ უნდა დაიცვას ირანელი ხალხის მოთხოვნები მათი ძირითადი უფლებების შესახებ”, — აღნიშნავს “Iran Human Rights (IHR)” .

პროტესტი ირანში

ირანში დემონსტრაციები 16 სექტემბერს, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობისთვის” . ქალის მშობლიურ პროვინციაში დაწყებული პროტესტი 80 ქალაქსა და დასახლებას მოედო.

საპროტესტო აქციებზე ირანელები მწვავედ აპროტესტებენ მკაცრ ნორმებსა და რიგ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამური რესპუბლიკის პირობებში. როგორც BBC წერს, დემონსტრაციების ტალღა ირანის ხელისუფლებისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა წლების განმავლობაში.

სოციალურ ქსელში მრავალგზის ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იხდიან და წვავენ პროტესტის მონაწილე ქალები თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა, დემონსტრაციაზე შეკრებილი კაცები კი ტაშითა და მხარდაჭერის შეძახილებით ხვდებიან აღნიშნულს.

პროტესტი მრავალგზის ხასიათდება დაპირისპირებით უსაფრთხოების ძალებთან, რომლებიც დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობენ:

გასულ დღეებში დემონსტრანტებმა დაწვეს პოლიციის მანქანები და განყოფილებები, გაანადგურეს და დააზიანეს ხელისუფლებასთან ასოცირებულ ბანერები. ისმის ირანის სულიერი ლიდერისა და მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანები, ასევე, შეძახილი “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

როგორც Reuters წერს გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით, სამშაბათს ღამით დემონსტრაციები ირანის ათეულობით ქალაქში გაგრძელდა, რასაც, სოც. მედიისა და სახელმწიფო მედიის მიხედვით, თან ახლდა უსაფრთხოების ძალების დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან.

მომიტინგეები გამოვიდნენ თეირანში, იაზდში, თავრიზში, სანანდაჯსა და სხვა ქალაქებში. ისმოდა შეძახილი “სიკვდილი დიქტატორს”, რომელიც ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მიემართება.

Reuters-ის თანახმად, “ტვიტერზე” გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქურთულ ქალაქებში, სანანდაჯსა და სარდაშთში, პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.

ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის ქალაქ ჩაბაჰარშია გადაღებული, აქციის მონაწილეებმა ცეცხლში გახვიეს სამთავრობო შენობა. კადრებში სროლის ხმაც ისმის.

“ხალხი გაბრაზებულია მაჰსა ამინის დაღუპვისა და ბრალდებების გამო, რომელთა თანახმადაც პოლიციელმა გააუპატიურა გოგო ბელუჯების ეთნიკური უმცირესობიდან”, — ისმის ვიდეოში.

უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი და ცნობილი სახეები, მათ შორის, ფეხბურთელები, მხარს უჭერენ დემონსტრაციებს. ამავე დროს, 300-მდე ირანელმა ქრისტიანმა გაავრცელა წერილი, რომლითაც მხარს უჭერს აქციებს, 20-ზე მეტ უნივერსიტეტში კი სტუდენტებმა და ლექტორებმა გაფიცვა მოაწყვეს და აუდიტორიებიდან ქუჩაში გავიდნენ.

სოციალურ მედიაში ისმის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ.

სპარსულენოვანი გამოცემები და სოც. მედიის გვერდები იუწყებიან, რომ ოთხშაბათს, 28 სექტემბერს, ქალაქ შირაზის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე. სხვა სლოგანებთან ერთად, ისმოდა შეძახილი: “ვიბრძოლებთ, მოვკვდებით და მაინც დავიბრუნებთ ირანს”.

“Iran Human Rights (IHR)”-ის მიხედვით, ორშაბათის მონაცემებით, დაღუპულია 76 ადამიანი 14 პროვინციაში, მათ შორისაა ექვსი ქალი და ოთხი ბავშვი. ის ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების მიერ ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვები ართულებს მონაცემების განახლებას.

ორგანიზაციის განცხადებით, ვიდეოები და გარდაცვალების მოწმობები ადასტურებს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს პირდაპირ მომიტინგეთა მისამართით.

BBC-ის კორესპონდენტის, კასრა ნაჯის თქმით, არსებობს ცნობები, რომ არეულობებმა “ზღვრამდე მიიყვანა” უსაფრთხოების ძალები. სოც. მედიაში ვრცელდება ირანის სასამართლოს ხელმძღვანელის ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ სპეციალური ძალები 24 საათის განმავლობაში არიან მობილიზებული და ღამეების მანძილზე არ სძინავთ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ვიდეოში ჩანს ძალოვნების თავდასხმა ქალ დემონსტრანტზე.

ტელეკომპანიის თანახმად, არის ცნობები უსაფრთხოების ძალებს შორის “სერიოზულ ეჭვებზე” დემონსტრანტებთან ურთიერთობის კუთხით. მეორე მხრივ, გადაიღეს პოლიციის უფროსი თეირანში, რომელიც მოუწოდებს თავის ქვეშევრდომებს, არ მოერიდონ და ისე ებრძოლონ აქციის მონაწილეებს, როგორც ირანელები ებრძოდნენ ერაყის ძალებს 1980-იანების ომში.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ გასულ კვირას თქვა, რომ პროტესტს „მტკიცედ“ უნდა გაუმკლავდნენ.

მაჰსა ამინის სიკვდილი

მაჰსა ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

არსებობს ცნობები, რომ პოლიციამ ამინი თავში ხელკეტით სცემა და ავტომობილზე მიარტყმევინა თავი. პოლიცია ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ ქალს “გულის უეცარი უკმარისობა” დაემართა.

თავის მხრივ, მაჰსა ამინის ოჯახში ამბობენ, რომ ის ჯანმრთელი იყო. გარდაცვლილის მამის, ამჯად ამინის თქმით, ქალს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.

ამჯად ამინი BBC-ს ეუბნება, რომ ექიმები საშუალებას არ აძლევდნენ, ენახა შვილის ცხედარი, ხოლო მას შემდეგ, რაც დასაკრძალად გაამზადეს,მამამ მხოლოდ მაჰსა ამინის სახისა და ფეხების დანახვა შეძლო.

ის ასევე ამბობს, რომ მოწმეებმა ოჯახს უამბეს მაჰსა ამინის ცემის შესახებ პოლიციის ფურგონსა და განყოფილებაში.

მაჰსა ამინი 

მანამდე, თეირანის პროვინციის სასამართლო მედიცინის უწყების გენერალურმა დირექტორმა, მეჰდი ფარუზეშმა თქვა, რომ თავისა და სახის არეში ამინის დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა, თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევებიც არ ჰქონია და არც მოტეხილობები თავის ქალაზე.

ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ქალს არც შინაგანი დაზიანებების ნიშნები ჰქონია.

მაჰსა ამინის მამა ტყუილს უწოდებს მტკიცებას, რომ მის ქალიშვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთაც, შესაძლოა, წვლილი მიუძღოდეს მის გარდაცვალებაში. თეირანის სასამართლო მედიცინის უწყების გენ. დირექტორს ნათქვამი აქვს, რომ ქალს ტვინის ოპერაცია გაუკეთეს 8 წლის ასაკში.

“ისინი იტყუებიან… გასული 22 წლის მანძილზე ის არცერთ საავადმყოფოში არ მოხვედრილა, გარდა გაციებასთან დაკავშირებული რამდენიმე ავადმყოფობისა… ” ,— დასძენს ამჯად ამინი და ამბობს, რომ მის ქალიშვილს არასდროს გაუკეთებია ოპერაცია.

როგორ აკონტროლებს ირანი ქალთა ჩაცმულობას

ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან(1979 წ.) მალევე, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.

უკანასკნელ წლებში ირანმა იხილა არაერთი კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ, რომელთა დროსაც ქალები ხშირად საჯაროდ იხდიან თავსაბურავს. აღნიშნულს თან ერთვის მკაცრი რეაგირება ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, ქალების დაპატიმრება და მათზე ძალადობა რეგულაციასთან შეუსაბამობის გამო.

არაერთი ქალი საჯაროდ იხდის თავსაბურავს და ასე ეწინააღმდეგება სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონს.

ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.

გასულ თვეებში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა იმ ქალების “აღიარებითი ჩვენებები”, რომლებიც სამოსის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დააკავეს.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, სავალდებულო ჰიჯაბის შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ პროცესში გარე ძალები არიან ჩართულნი.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/438624/

მასალების გადაბეჭდვის წესი