ახალი ამბები

საქართველო გმობს ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინაში — საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 სექტემბერი, 2022 • 741
საქართველო გმობს ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინაში — საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური რეფერენდუმების ჩატარებას.

„უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, — წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა. უკანონო რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, დონეცკის ოლქში 99,23%-მა ხმა მისცა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას, ლუგანსკის ოლქში — 98,42%-მა, ხერსონის ოლქში — 87,05%, ხოლო ზაპოროჟიის ოლქში — 93,11%-მა.

უკანონო რეფერენდუმი მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაგმო. საქართველოს მთავრობა ე.წ. რეფერენდუმებს დღეს, 28 სექტემბერს გაემოხმაურა.

წინა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში“.

სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ე.წ. რეფერენდუმები და თქვა, რომ ის „ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს“.

ზურაბიშვილი: საქართველო გმობს რეფერენდუმებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი