“ჩვენ არავის არსად დაბრუნებას არ ვაპირებთ და ამის განხილვასაც არ მოვიაზრებთ, ამ აქციასაც პროვოკაციად ვაფასებთ” – ასე შეაფასა რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ აქცია, რომელიც 26 სექტემბერს ენგურის ხიდთან ახლოს გაიმართა და ეხებოდა რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებსა და დევნილების დაბრუნების გარდაუვალობას.
26 სექტემბერს სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან, ევროპული საქართველოს, ტაბულას, აფხაზთა კრების, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებისა და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზატორობით გაიმართა აქცია, სადაც აჩვენეს ფილმი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულებებზე.
“27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს – აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის. დღეს უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს – ქართველები შინ დავბრუნდეთ, ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ”, – წერია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე 273 ათასზე მეტი დევნილი ცხოვრობს. დევნილების დაბრუნებს საკითხს მუდმივად აყენებს ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, თუმცა აფხაზურ მხარეს დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაში მონაწილეობა ამ ფორმატში არ სურს.