ახალი ამბები

„უკრაინელებს ტერიტორიების დასაბრუნებლად შეუძლიათ ამერიკული იარაღის გამოყენება“ – ბლინკენი

27 სექტემბერი, 2022 • 1035
„უკრაინელებს ტერიტორიების დასაბრუნებლად შეუძლიათ ამერიკული იარაღის გამოყენება“ – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი CNN-თან აცხადებს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ აშშ-ისგან მიღებული იარაღი საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენონ, მათ შორის იმ რეგიონებისაც, რომლის ანექსიასაც რუსეთი გეგმავს:

„ყოველთვის ცალსახად ვამბობდი, რომ უკრაინას აქვს ყველა უფლება, დაიცვას თავი და მისი ტერიტორია. მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, აშშ არასოდეს აღიარებს იმ 4 რეგიონს, რომლის ანექსიასაც ფსევდორეფერენდუმებით ვლადიმერ პუტინი გეგმავს. მან განაცხადა, რომ აშშ-სთვის, ისევე როგორც უკრაინელებისთვის, ამით არაფერი იცვლება და ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმების წინასწარი შედეგები ცნობილია.

როგორც რუსეთის პროსახელისუფლებო მედია წერს, ზაპოროჟიეს რეგიონში, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ამომრჩევლების 93.11-მა პროცენტმა ოლქის რუსეთისთვის მიერთებას დაუჭირა მხარი. საოკუპაციო რეჟიმის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 100%.

რაც შეეხება დე ფაქტო ლუგანსკის რესპუბლიკას, RIA წერს, რომ დათვლილია ხმების 91.2%, შედეგად, პროკრემლისტური მედიის განცხადებით, ლუგანსკის რუსეთისთვის მიერთებას მხარი ამომრჩეველთა 98.54%-მა დაუჭირა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დე ფაქტო რესპუბლიკას, დონეცკში ჩატარებული „რეფერენდუმის“ ფარგლებში ხმების 31.74 პროცენტია ამ დროისთვის დათვლილი, საიდანაც რუსეთისთვის მიერთებას, დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის განცხადებით, მხარს 93.95% უჭერს.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ასევე სრულად დათვლილი ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები, რომლის მიხედვითაც, RIA-ს თქმით, რუსეთისთვის მიერთებას მხარი ამომრჩეველთა 87.05%-მა დაუჭირა.

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და ხმის მიცემა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფსევდორეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგალიზებას ვერ უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი