ახალი ამბები

კატეგორიულად უნდა დავგმოთ აღმოსავლეთ უკრაინაში რეფერენდუმები – ზურაბიშვილი

27 სექტემბერი, 2022 • 763
კატეგორიულად უნდა დავგმოთ აღმოსავლეთ უკრაინაში რეფერენდუმები – ზურაბიშვილი

„ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც დღეს ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 27 სექტემბერს, განაცხადა.

ზურაბიშვილმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტოიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერდენუმს რუსეთის „ცინიკური ქმედება“ უწოდა.

„რამეთუ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები, როცა ეს ჩატარებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან ომის პირობებში, რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს. ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის და მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23 სექტემბერს დაიწყო და ხმის მიცემა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ფსევდორეფერენდუმები უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგალიზებას ვერ უზრუნველყოფს.

უკანონო რეფერენდუმი მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაგმო, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი