ახალი ამბები

სანაია გამოუშვეს, საქმე აღიძრა, მუმლაძე პოლიციაში დაიბარეს

27 სექტემბერი, 2022 • 492
სანაია გამოუშვეს, საქმე აღიძრა, მუმლაძე პოლიციაში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბესო შენგელიას ცნობით, პარტიის წევრი თენგო სანაია პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს და სახლში იმყოფება.

შენგელიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სანაიას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, იგი ცოლ-შვილის თანდასწრებით დააკავეს, გამთენიისას კი გამოუშვეს. ამასთან, შენგელიას თქმით, სამართალდამცავებმა სანაიას ცოლ-შვილი „დაატერორეს“.

ბესო შენგელიას ცნობითვე, გიორგი მუმლაძე დაიბარეს გამოკითხვაზე პოლიციაში, რაზეც, სავარაუდოდ, მისი თქმით, არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები.

გიორგი მუმლაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მართალია, რომ დღეს, 27 სექტემბერს, პოლიციაშია დაბარებული გამოკითხვაზე, თუმცა არ ენდობა სამართალდამცავ უწყებას და არ აპირებს, გამოკითხვაზე მივიდეს.

მუმლაძის თქმითვე, ეს პოზიცია მაშინვე გააცნო პოლიციის წარმომადგენელს. მის თანახმად, სავარაუდოდ, სასამართლოში გამოიძახებენ გამოკითხვაზე.

მუმლაძის თქმით, პოლიციიდან უთხრეს, რომ საქმე აღიძრა, რადგან ფაქტი, რაზეც მან ინფორმაცია გაავრცელა, მუქარის ნიშნებს შეიცავდა. თუმცა მუმლაძე ამბობს, რომ სანაიას წერილი მუქარად არ აღუქვამს და ეს იყო პარტიაში მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკური აქტივისტი, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის გავრცელებული სქრინების თანახმად, თენგო სანაია მას დაემუქრა.

მუმლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა მისი და ენმ-ის წევრის, თენგო სანაიას სავარაუდო მიმოწერა „მესენჯერში“.

„სქრინების“ თანახმად, სანაია მუმლაძეს სავარაუდოდ სწერს, „შენ უნდა გესროლო“, შემდეგ კი იარაღის ფოტოს უგზავნის და სწერს: „ამის გემოს გაგასინჯებ“.

მუმლაძის თანახმად,  ეს მოჰყვა სანაიასვე პოსტზე მის კომენტარს.

მუმლაძე ამბობს, რომ ამ პოსტზე, რომელიც „ყალბ ინფორმაციას“ შეიცავდა, სანაიას „სათანადო პასუხი“ გასცა კომენტარით, რაც სანაიამ წაშალა და შემდეგ მუქარაზე გადავიდა – უკვე პირად შეტყობინებებში.

„ნეტგაზეთი“ გუშინ დაუკავშირდა სანაიას, რომელმაც უარყო მუქარა მუმლაძის მიმართ და მოგვწერა, რომ მუმლაძე „ოფისში შემოიჭრა რამოდენიმე ადამიანთან ერთად დედის გინებით და ბინძური შეურაცხყოფებით“ და იგი „სუს-ის მართულია“ [მუმლაძემ მსგავს ბრალდებებს ფეისბუკ-ლაივში „სიბინძურე“ უწოდა].

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ „საქმე აღიძრა ამ [სავარაუდოდ მუქარის] ფაქტზე“: „ვმუშაობთ და თუ რამე გამოიკვეთება, აუცილებლად გაცნობებთ. გამოძიება დაიწყო“, – თქვა მინისტრმა.

ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი