ახალი ამბები

ენმ-ის თქმით, მუმლაძის განცხადების შემდეგ, პარტიის წევრი – თენგო სანაია დააკავეს

26 სექტემბერი, 2022 • 1031
ენმ-ის თქმით, მუმლაძის განცხადების შემდეგ, პარტიის წევრი – თენგო სანაია დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი წევრი თენგო სანაია დააკავეს, თუმცა ამჟამად უცნობია, სად იმყოფება იგი.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პოლიტიკური აქტივისტი, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობდა, რომ თენგო სანაია ემუქრებოდა.

ნეტგაზეთთან ენმ-ის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია ამბობს, რომ სანაია საცხოვრებელ სახლში დააკავეს – „ცოლისა და მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ“.

„ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, არანაირი მტკიცება არ არის ამოღებული. ამ ეტაპისთვის გაურკვეველი მიმართულებით ჰყავთ წაყვანილი. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ის სამგორის სამმართველოში გადაიყვანეს, თუმცა, მოვედით და გვითხრეს, რომ ის აქ არ არის“, – აცხადებს ბესო შენგელია.

ჩვენს კითხვაზე, უკავშირებს თუ არა დაკავებას გიორგი მუმლაძის განცხადებას, ბესო შენგელია გვპასუხობს:

„სხვას ვერაფერს დავუკავშირებ. იმიტომ, რომ თენგო სანაია გახლავთ ღირსეული მოქალაქე, ის არის აფხაზეთიდან დევნილი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისა და ევროატლანტიკური კურსისთვის ბრძოლას“, – ამბობს ის და ამატებს, რომ თენგო სანაიას არასდროს ჰქონია პრობლემა პოლიციასთან.

ნეტგაზეთი ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.


დაკავებას წინ უსწრებდა გიორგი მუმლაძის ფეისბუკ პოსტი. მუმლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა მისი და ენმ-ის წევრის, თენგო სანაიას სავარაუდო მიმოწერა „მესენჯერში“. „სქრინების“ თანახმად, სანაია მუმლაძეს სწერს, „შენ უნდა გესროლო“, შემდეგ კი იარაღის ფოტოს უგზავნის და სწერს: „ამის გემოს გაგასინჯებ“.

მუმლაძის თანახმად, სანაიას ეს მუქარა მოჰყვა სანაიასვე პოსტზე მის კომენტარს.

მუმლაძე ამბობს, რომ ამ პოსტზე, რომელიც „ყალბ ინფორმაციას“ შეიცავდა, სანაიას „სათანადო პასუხი“ გასცა კომენტარით, რაც სანაიამ წაშალა და შემდეგ მუქარაზე გადავიდა – უკვე პირად შეტყობინებებში.

 

ვრცლად წაიკითხეთ:

„ჩხუბი მელიას დაცვასთან“, „მუქარა იარაღით“ და „პროვოკაციები“ – რა ხდება ენმ-ში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი