ახალი ამბები

დაღესტანში მობილიზაციას კვლავ აპროტესტებენ — არიან დაკავებულები

26 სექტემბერი, 2022 • 789
დაღესტანში მობილიზაციას კვლავ აპროტესტებენ — არიან დაკავებულები

ტელეგრამის რუსულენოვანი არხებისა და ადგილობრივი მედიის თანახმად, კაცების სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ დაღესტანში ორშაბათსაც გამოვიდნენ აქციებზე. იუწყებიან დაკავებების, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შესახებ.

“კავკაზ რეალიის” თანახმად, 26 სექტემბერს მახაჩკალაში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, რის შემდეგაც, გამოცემის თანახმად, “მასობრივი ჩხუბი” დაიწყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამავე ცნობებით, დაკავებულია 20-მდე ადამიანი.

მობილიზაციის წინააღმდეგ მოქალაქეები ქალაქ ხასავიურტშიც შეიკრიბნენ. “კავკაზ რეალიის” მიხედვით, იქ ასამდე ადამიანი გამოვიდა. პოლიცია მალევე უხეშად ჩაერია პროცესში და დაპატიმრებები დაიწყო, რასაც აქციის მონაწილეთა წინააღმდეგობა მოჰყვა.

ადგილობრივი გაზეთის, “ჩერნოვიკის” თანახმად, რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომლები მახაჩკალაში ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ და დაკავების ამსახველი ვიდეოს წაშლას სთხოვდნენ.

ტელეგრამზე მოქმედი ოპოზიციური არხი “Можем объяснить” აღნიშნავს, რომ წინა აქციისგან განსხვავებით, სადაც, უმეტესად, ქალები იყვნენ წარმოდგენილნი, ამჟამინდელ დემონსტრაციას ბევრი კაცი შეუერთდა.

მობილიზაციის წინააღმდეგ ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკშიც გამოვიდნენ. “Можем объяснить” აღნიშნავს, რომ ხალხთან ადგილობრივი ხელისუფალნიც მივიდნენ “დასამშვიდებლად”, თუმცა “კავკაზ რეალიი” წერს, რომ ამ უკანასკნელებს არ უპასუხიათ კითხვაზე, რამდენი ადამიანის მობილიზება მოხდება რესპუბლიკიდან.

დაღესტანში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია 25 სექტემბერსაც გაიმართა. “მედუზას” მიხედვით, მახაჩყალაში კვირას გამართულ აქციაზე 120-მდე ადამიანია დაკავებული.


21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა მოქალაქეების უკრაინის წინააღმდეგ ომში წასაყვანად. თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს.

პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი