ახალი ამბები

შეცვლილი გეოპოლიტიკის პირობებში უფრო მეტად გჭირდებათ რეფორმები — ჰერჩინსკი

26 სექტემბერი, 2022 • 694
შეცვლილი გეოპოლიტიკის პირობებში უფრო მეტად გჭირდებათ რეფორმები — ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარება არ ამცირებს შიდა რეფორმების მნიშვნელობას საქართველოსთვის.

მისი თქმით, საქართველოს ბევრი სამუშაო აქვს გასატარებელი, რათა ჩაეჭიდოს ევროპულ პერსპექტივას.

„12 რეკომენდაციის ფორმულირებას ჰქონდა თავისი მიზეზები. ეს საშინაო დავალება სასიცოცხლო ელემენტია, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ქვეყნად. გეოპოლიტიკის ცვალებადობა არ აქცევს შიდა რეფორმებს ნაკლებ მნიშვნელოვნად, პირიქით — რეფორმები, რომლებიც საჭიროა ნებისმიერ დროს, უფრო მეტად არის საჭირო ახლა, როდესაც საქართველო ძალიან რთულ და გამომწვევ გეოპოლიტიკურ კონტექსტშია.

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის და რეგიონისთვის, რომელიც საჭიროებს უპრეცედენტო ძალისხმევას და ლიდერობას. ეს ასევე საჭიროებს მოთმინებას, ბევრ მუშაობას, რთულ გადაწყვეტილებებს და ყველა მხარის თანამშრომლობას შედეგის მისაღწევად. საქართველო არ არის მარტო და ევროკავშირი თქვენ გვერდშია“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე თემაზე: „უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი“.

ჰერჩინსკიმ ისაუბრა რუსეთის ომზე უკრაინაში, მის გავლენაზე შავი ზღვის რეგიონზე და ევროკავშირის მომავალზე.

„საერთაშორისო არენაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ჩათვლით, ვმუშაობთ რუსეთის იზოლაციაზე. ეს ხდება გაეროში, ევროპის საბჭოში, ადამიანის უფლებათა საბჭოში და სხვა ორგანიზაციებში. ამავდროულად, და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტშიც, ევროპელებმა თანდათანობით უნდა ისწავლონ, როგორ იცხოვრონ რუსეთზე ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების გარეშე“, — დასძინა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მშიშვნელობა უფრო თვალსაჩინო გახდა გადაწყვეტილებების მიმღებებისა და დამოუკიდებელი მოაზროვნეებისთვის ევროპაში, რაც ითარგმნება ახალ სტრატეგიებში და პოლიტიკაში. ჰერჩინსკის თქმით, ახალი წესრიგის დამყარება ახალ შესაძებლობებს გახსნის საქართველოსთვისაც.

პაველ ჰერჩინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უკვე არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, უკრაინის ომის კონტექსტში კი მან უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება და დემოკრატია.

„დროა, საქართველომ გააძლიეროს შიდა ზომები, კანონის უზენაესობა, კრიზისებისადმი მედეგობა და ზოგადი დემოკრატია, ასევე, გააღრმაოს თავისი ალიანსები“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი