რუსეთში, ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმსკში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ცეცხლი გახსნეს.
ადგილობრივი გამოცემის, “ტაიგა ინფოს” თანახმად, რომელმაც ფაქტის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, დაჭრილია გაწვევის კომისიის ხელმძღვანელი.
როგორც ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი წერს, სამხედრო კომისარი რეანიმაციაში იმყოფება უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში და “ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან”.
“ტაიგა ინფოს” მიხედვით, პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, აღნიშნავს რა, რომ ინფორმაციის შეგროვების პროცესშია.
ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსროლელი კაცი უკვე დაკავებულია. ოპოზიციური არხის, “ბაზას” ცნობით, “25 წლის ადგილობრივი მცხოვრები რუსლან ზინინი” წვევამდელია, თუმცა იქვე წერს, რომ ინფორმაცია ზუსტდება.
მეორე მხრივ, ტელეგრამის კიდევ ერთი არხი “ასტრა” მსროლელის დედაზე დაყრდნობით წერს, რომ კაცს გაწვევა არ შეხებია, თუმცა გაიწვიეს მისი მეგობარი, რის გამოც შეწუხებული იყო. ქალი ჰყვება, რომ მომხდარის შესახებ თავადაც ვიდეოს მეშვეობით შეიტყო.
“ბოლო დროს რუსლანი ბებიასთან ცხოვრობდა. დილით უთხრა, რომ გაწვევის საბჭოში მიდიოდა მოხალისედ. შემდგომ ვერ ვუკავშირდებოდით, მერე კი ახალი ამბები ვნახეთ.
რუსლანს თავად არ მიუღია გაწვევა, თუმცა გუშინ მის მეგობარს მიუვიდა. რუსლანი ძალიან შეწუხებული იყო ამის გამო, რადგან ამ მეგობარს არმიაში არ უმსახურია.
მათ თქვეს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციაა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველანი მიჰყავთ”, — ციტირებს “ასტრა” რუსლან ზინინის დედას, რომელსაც, როგორც ტელეგრამის არხი წერს, თავად ესაუბრა.
თვითმხილველმა გამოცემა RBK-ს უამბო, რომ სროლამდე სამხედრო კომისარი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ სახელმწიფოს ნებას ასრულებდა.
“მერე მსროლელი წამოხტა, მიუახლოვდა, თქვა “ახლა ყველა სახლში წავალთ” და სამხედრო კომისარს ესროლა”, — ციტირებს RBK თვითმხილველს.
მეორე მხრივ, რუსეთში კვლავ წვავენ სამხედრო კომისარიატების შენობებს. “მედუზას” თანახმად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან პირველ 6 თვეში 20 კომისარიატს წაუკიდეს ცეცხლი, მიმდინარე პერიოდში კი ასეთი შემთხვევების რიცხვი მკვეთრადაა გაზრდილი.
