ახალი ამბები

სუსი: დავაყადაღეთ გოგაშვილების ქონება, 34 მიწის ნაკვეთი, 4 ბინა, 13 მანქანა, 15 იარაღი

23 სექტემბერი, 2022 •
სუსი: დავაყადაღეთ გოგაშვილების ქონება, 34 მიწის ნაკვეთი, 4 ბინა, 13 მანქანა, 15 იარაღი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) აცხადებს, რომ უწყების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და „ახლო გარემოცვის“ ქონება დააყადაღეს.

სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, – „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე“, – მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას. ჩამონათვალი ასეთია:

  • თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში, 34 მიწის ნაკვეთი – საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი,
  • 4 საცხოვრებელი ბინა და სიღნაღში მდებარე სასტუმრო;
  • 13 ავტომანქანა;
  • 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა;
  • 3 ერთეული მოტოტექნიკა
  • 15 ცეცხლსასროლი იარაღი;

სუს-ის ცნობითვე, ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონების „რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“.


დღეს დილიდან გოგაშვილის სახლთან სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი აცხადებდა, რომ სასამართლოს 20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, გოგაშვილის ცოლისა და შვილების, ასევე მათი გარემოცვის საკუთრებაში არსებული ქონება დააყადაღეს.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.

გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

გოგაშვილების ქონების ნაწილი 11 სექტმებერს გამოცემული სასამართლოს განჩინებითაც დაყადაღდა.

სოსო გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა ბრალის დამძიმებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი