ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, თავად წყვეტს, რომელ მედიას უპასუხოს

23 სექტემბერი, 2022 • 553
წულუკიანის თქმით, თავად წყვეტს, რომელ მედიას უპასუხოს

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თავად წყვეტს, რომელ მედიას დაელაპარაკოს და აქვს ამბიცია, რომ მისი სამინისტრო არაერთ ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას სოციალური ქსელით.

აღნიშნულის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში, დეპუტატ ხათუნა სამნიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა კულტურის მინისტრს ჰკითხა, როდემდე აპირებს, რომ მედიის კლასიფიკაცია გააგრძელოს და უწყების ამა თუ იმ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მედიებთან შერჩევითად გაავრცელოს.

„მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც მედიის კლასიფიკაციას ახდენს. მედიის ნაწილს თქვენი მოსაზრების შესაბამისად არ აძლევთ ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელსაც თქვენი უწყება აორგანიზებს. ამას რამდენ ხანს აპირებთ, რა არის ამის საფუძველი და რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მინისტრი ხართ ამ ხელისუფლების პირობებში და რა მაგალითს აძლევთ თქვენი ხელისუფლების სხვა წევრებს, რომლებიც არ ჩამოგივარდებიან ამ აგრესიით სხვადასხვა ტელევიზიების და მედიასაშუალებების მიმართ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ღიად  რომ არ დაუშვათ და არ აცნობოთ ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიას, რამდენად სწორად მიგაჩნიათ? რამდენ ხანს აპირებთ, რომ ასე გააგრძელოთ?“- ჰკითხა სამნიძემ წულუკიანს.

საპასუხოდ, მინისტრმა თქვა, რომ თავად წყვეტს, ვის მისცეს ინტერვიუ.

“მედია თავისუფალია, რომ დასვას კითხვები, მაგრამ მე, როგორც ერთი მინისტრი, არავის წავუშლივარ, როგორც ინდივიდი არავის. მე, როგორც მინისტრი და ინდივიდი, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუსა და კომენტარს და რომელს არა.

როდესაც მე ვხსნი გამოფენას და გამოფენის გახსნისას მისი დათვალიერება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ მე ვსაუბრობ, მაგალითად, ცნობილ მხატვარზე ან ექსპონატზე… კრაწაშვილის გამოფენაა, დაგდევენ და გეუბნებიან: სააკაშვილს შია. მერე რა გავაკეთო მე კრაწაშვილის გამოფენაზე, თუ ბატონ მიშას შია. ამ დროს ვიცით, რომ არ შია.

შესაბამისად, მე მაქვს უფლება, ვთქვა, რომ არ ვაპირებ ამ თემაზე თქვენთან საუბარს. ეს ჩემი უფლებაა, კანონში არ წერია, რომ არ მაქვს ამის უფლება. ამიტომ მედია აქ არის და მინდა, კარგად გაიგონ: მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიას დაველაპარაკო, როგორც ერთი მინისტრი, და რომელს არა. მაგრამ სამინისტრო ვალდებულია, ინფორმაცია გაავრცელოს…”

მანვე მედიის მისამართით თქვა, რომ უნდა დასვან კითხვები, რომლებიც მის ამჟამინდელ საქმიანობას ეხება, რაც, წულუკიანის აზრით, “მათ არ შეუძლიათ”.

“დარბიან და დაანგრიე მუზუემი – არ დავანგრიე, კი, დაანგრიეო; სად არის კბილი? – აქ არის კბილი და არის ერთი ამბავი, რა უნდა ელაპარაკო? არ არის საინტერესო მათთან საუბარი”, – დასძინა მან.

ამასთან, კულტურის მინისტრმა სოციალური ქსელი დაასახელა მისი უწყების მხრიდან ინფორმაციის გავრცელების პრიორიტეტულ წყაროდ.

“ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით და მე მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც დღე ერთია და არაერთ ინფორმაციას აწვდის სოციალური ქსელებით. ეს არის ჩვენი ოფიციალური გვერდი და თუ ვებგვერდია საჭირო, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვექნება, თუმცა თანამედროვე სამყაროში, ალბათ, „ფეისბუქი“ არცთუ ისე ცუდია, ინტერაქტიულია და ბევრი რაღაცის მოსმენის და გაზიარების საშუალებას იძლევა და ჩვენს ფეისბუქის გვერდს თუ მოიწონებთ, იქ ნახავთ…

ვებგვერდი აუცილებლად გვექნება,  თუმცა ეს არ არის ჩვენი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი. ჩვენ უფრო სოციალურ ქსელებს ვანიჭებთ უპირატესობას და ინფორმაცია მიეწოდებათ”.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, აღნიშნული სამინისტრო მედიისთვის, პრაქტიკულად, დაიხურა. უკიდურესი გამონაკლისების გარდა, პრესსამსახურში სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი