ახალი ამბები

კლასიკური ოლიგარქი ივანიშვილია, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს – დეკანოიძე

22 სექტემბერი, 2022 • 819
კლასიკური ოლიგარქი ივანიშვილია, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ინტერესებს – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც საერთაშორისო დონეზეც ასე აფასებენ.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილია ქვეყნისთვის საფრთხე. ასე გამოეხმაურა დეკანოიძე ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ დავით კეზერაშვილზე გაკეთებულ განცხადებას.

კერძოდ, ნიკა მელიას თქმით, მას მიაჩნია, რომ ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის. მან ასევე ახსენა ტერმინი „მოოლიგარქო ტიპაჟი“.

ხატია დეკანოიძის თქმით, კეზერაშვილი ერთ-ერთი ოპოზიციური არხის(„ფორმულას“) დამფუძნებელია, რაც დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც დეკანოიძე ამბობს, განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება არსებობდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ოლიგარქის წინააღმდეგ გაერთიანება მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის განცხადებით, ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილი კლასიკური ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

რაც შეეხება პოლიტიკაში ვინმეს ყოფნის საკითხს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ ღიად და გულწრფელად, ის ადამიანი, რომელზეც საუბრობდა [ნიკა მელია], არის დამფუძნებელი ერთ- ერთი ოპოზიციური არხის და ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციური არხები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიისთვის.

სხვა შემთხვევაში, გაერთიანება ოლიგარქის წინააღმდეგ და საერთო ინტერესები, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია, განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა, – ლევან ხაბეიშვილმა, დავით კირკიტაძემ, გიორგი ბოტკოველმა, – მელია ამ ნათქვამის გამო გააკრიტიკეს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი