საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, “მართლაც არაკომპეტენტურებად” მოიხსენია ეროვნული მუზეუმიდან მის მიერ გათავისუფლებული არქეოლოგები, რომელთა ექსპედიციამაც დმანისის მუნიციპალიტეტში უძველესი ადამიანის კბილი აღმოაჩინა.
მანვე ისაუბრა ოროზმანის ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის მიერ კბილის სახლში წაღებაზე — ფაქტზე, რომელიც ექსპედიციის ხსენებულმა წევრმა ფორსმაჟორული ვითარებით ახსნა.
“ეს არ არის კონკრეტული პირის აღმოჩენა”
წულუკიანის რეპლიკა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გათავისუფლებულმა მუშაკებმა მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთეს.
“თქვენ თქვით, რომ მე მუზეუმიდან და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან ნეპოტიზმის და უცოდინრობის და პროფესიონალიზმის ნაკლებობის გამო გავუშვი ხალხიო, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თქვენ მიერ გაშვებულმა რამდენიმე არქეოლოგმა რამდენიმე თვეში დმანისის რაიონის სოფელ ოროზმანში მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა – მთელი მსოფლიო რომ ლაპარაკობს იმ აღმოჩენაზე, პალეოლითის ეპოქის ადამიანის ნაშთები ისევ აღმოჩნდა დმანისში, რაც ადასტურებს, რომ ეს ინტენსიური საცხოვრებელი არეალი იყო. თუ უცოდინრები იყვნენ და არაპროფესიონალები, ასეთი მნიშვნელობის აღმოჩენა როგორ გააკეთეს”, — იკითხა დეპუტატმა.
წულუკიანმა აღნიშნულზე უპასუხა, რომ კბილი ექსპედიციის მონაწილე სტუდენტმა აღმოაჩინა და არა ელისაშვილის მიერ ნახსენებმა არქეოლოგმა.
ქვემო ოროზმანში აღმოჩენილი კბილი. ფოტოები: ნიკოლოზ წიქარიძე/გიორგი ბიძინაშვილი
“კბილი ამ მართლაც არაკომპეტენტურებმა კი არ აღმოაჩინეს, კბილი აღმოაჩინა ერთმა უცხოელმა სტუდენტმა. და არქეოლოგიური გათხრა, თუკი მასში მონაწილეობა მიგვიღია, ვიცით, რომ ვის შეხვდება აღმოჩენა, არ იცი, ექსპედიციაში.
შესაბამისად, ეს არ არის ერთი კონკრეტული პირის აღმოჩენა, ეს არის მოცემული ექსპედიციის აღმოჩენა, რომლის გათხრებზე ნებართვაც გავეცით ჩვენ. გავეცით ნებართვა იმიტომ, რომ ვთვლიდით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ვერ ვხვდები, რა არის საყვედურის შინაარსი”, — დასძინა წულუკიანმა 22 სექტემბერს.
სოფელ ქვემო ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე პრეისტორიული ადამიანის, ჰომო ერექტუსის კბილის აღმოჩენის შესახებ საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა 8 სექტემბერს განაცხადა.
ბრიტანელი სტუდენტი ჯეკ პირტი, რომელმაც პირველმა მიაგნო კბილს, იმ ექსპედიციის მონაწილეა, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელიც წულუკიანის მინისტრობისას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული გიორგი ბიძინაშვილია.
ექსპედიციის სამეცნიერო ჯგუფის წევრი ნიკოლოზ წიქარიძე ასევე წულუკიანის მინისტრობის პერიოდში გაუშვეს მუზეუმიდან.
კბილის შემდგომი ბედი — რას ამბობს სახელმწიფო, რას პასუხობენ არქეოლოგები
წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ახსენა ფაქტი, რომ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი კბილს სახლში ინახავდა.
“თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ, კომპეტენტურად თვლით ადამიანს, რომელიც არის ამ ექსპედიციის წევრი, როდესაც კბილი, რომელიც გახლავთ, ვინც არ იცის, უძველესი ადამიანის კბილი, ამოიღეს, პრეზენტაცია გააკეთეს და მერე ამ ადამიანმა ეს წაიღო სახლში. ეს კომპეტენტურობაა?” — თქვა მან.
წულუკიანის გამოსვლამდე, დღის პირველ ნახევარში, ეროვნულმა მუზეუმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უძველესი კბილი არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის სახლიდან კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ეროვნულ მუზეუმში გადაიტანა.
როგორც მუზეუმი აცხადებს, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად.
მუზეუმის განცხადებით, ხსენებულ გათხრებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ნებართვა 2022 წლის 1 ივლისს გასცა, თუმცა 20 სექტემბრამდე არც სააგენტოს და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არავითარი ოფიციალური ცნობა არ მიუღია გათხრების მიმდინარეობის ან მათი შედეგების შესახებ და არც მასალა ყოფილა წარმოდგენილი.
არქეოლოგიური გათხრები ქვემო ოროზმანში. ფოტო: საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის ეროვნული კვლევითი ცენტრი
განცხადების თანახმად, 20 სექტემბერს გენერალურმა ინსპექციამ ეროვნული მუზეუმის შენობაში გამოჰკითხა ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი(მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი), რომელმაც “აღიარა”, რომ კბილი ოროზმანიდან დოკუმენტების გაფორმების გარეშე, სახლში წაიღო და ტანსაცმლის კარადაში ინახავდა.
მათივე განცხადებით, ამოღებული მასალა (კბილი) დალუქულ მდგომარეობაში და კანონით დადგენილი წესით 20 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.
“ამასთან, გამოირკვა, რომ კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც როგორც თავისთავად, ისე კბილის დასათარიღებლად უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმებისა და მასალის სრულყოფილი აღწერის გარეშე, ოროზმანიდან ასევე გადმოტანილ იქნა (თარიღი უცნობია) თბილისში და არაოფიციალურად დასაწყობდა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც ავარიულია და სადაც არც ერთი ოთახი დაცული არ არის”, — აღნიშნავს უწყება.
მოგვიანებით, მუზეუმის აღნიშნულ განცხადებას ექსპედიციის წევრი, პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი გამოეხმაურა. მან მედიასთან დაადასტურა, რომ კბილი სახლში მართლაც წაიღო, თუმცა მომხდარი გაუგებრობით ახსნა და დასძინა, რომ ფორსმაჟორულმა ვითარებამ აიძულა, ასე მოქცეულიყო.
ვანიშვილის თქმით, საველე სამუშაოების წარმოება 19 სექტემბერს დაასრულეს, ხოლო კბილის თბილისში წაღებამ, შემდეგ კი პალეობიოლოგიის ინსტიტუტში მიტანამ დიდი დრო წაიღო და სამუშაო საათებიც დასრულდა.
ვანიშვილის განცხადებით, შესაბამისი სეიფის სათანადოდ უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ექსპედიციის სხვა წევრი ადგილზე აღარ იყო და მარტომ ვერ შეძლო სეიფის უსაფრთხო ოთახში გადატანა მისი სიმძიმის გამო.
ნიკა ვანიშვილი. ფოტო: მთავარი არხი
“ამასთან, დამიკავშირდნენ ჩემი ოჯახის წევრები და მითხრეს, რომ ჩემი 3 წლის შვილი, რომელიც 1 თვე არ მყავდა ნანახი, ავად იყო, მთელი დღე ვერ იღებდა საკვებს და წყალს”.
“ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მომიწია გადაწყვეტილების მიღება კბილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დამეტოვებინა ეს კბილი ჩემს საველე ზურგჩანთაში, უსაფრთხოდ, სპეციალურად განკუთვნილ ჯიბეში და ერთი ღამით წამეღო უსაფრთხოდ, ჩემთან ერთად ყოფილიყო სახლში და მეორე დღეს დამებრუნებინა ინსტიტუტში”, — აღნიშნავს ის.
“რადიო თავისუფლება” ასევე ციტირებს ვანიშვილის მონაყოლს, რომლის თანახმადაც, ექსპედიციის დასრულების მეორე დღესვე, 20 სექტემბერს, მასთან შეხვედრა ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოითხოვა.
“შევხვდი, ვისაუბრეთ, ვუთხარი, რომ ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალები იმყოფებოდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში, მაგრამ კბილი, იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა მიღებული, მოხდა მისი გადატანა ჩემს სახლში და ვაპირებდი დაბრუნებას, რომ დაწყებულიყო შემდეგი პროცედურები ამ მასალის აღრიცხვის 20 სექტემბერს”, — დასძენს პალეონტოლოგი.
“მინდა, კულტურის სამინისტრო დაფიქრდეს”
ოროზმანის ექსპედიციის ხელმძღვანელმა გიორგი ბიძინაშვილმა “სპექტაკლი” უწოდა სახელმწიფოს ქმედებებს კბილთან დაკავშირებით.
“მე ვარ უბრალოდ გაკვირვებული… ასეთი დიდი, მსოფლიო დონის კონფერენცია ტარდება, ამდენი მეცნიერია ჩამოსული და ამ დროს აწყობ სპექტაკლს”, — დასძინა მან, მიანიშნა რა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კვირაში გაიხსნა და რომელზეც დმანისის კვლევის შედეგებს განიხილავენ.
“მინდა, კულტურის სამინისტრო დაფიქრდეს”, — დასძინა ბიძინაშვილმა და დაამატა, რომ “არცერთი თეთრი ამ ძეგლს არ აქვს არასდროს მიღებული კულტურის სამინისტროსგან”.
გიორგი ბიძინაშვილი ქვემო ოროზმანში არქეოლოგიური აღმოჩენის წარდგენისას. ფოტო: პირადი ფეისბუკი
სოფელ ოროზმანში 22 სექტემბერს იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ნიკა ვანიშვილმა გადაწყვეტილება სიტუაციის შესაბამისად მიიღო.
“ნიკა ვანიშვილი, რომელიც არის რეალურად, ამ კბილის აღმომჩენი, რომელიც მიხვდა, რომ ეს კბილი ეკუთვნის ჰომინიდს, არის ძალიან ღირსეული მეცნიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კბილს არაფერი არ ემუქრებოდა…
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მასალა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო სიტუაციის მიხედვით”, — დასძინა მან.
“რატომ დუმხართ?”
დეპუტატმა ელისაშვილმა წულუკიანს ასევე ჰკითხა, რატომ დუმდა სამინისტრო სამეცნიერო აღმოჩენასთან დაკავშირებით იმ დროს, როცა ამ ამბავზე მსოფლიო საუბრობდა.
“მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ აღმოჩენაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს გარდა. რატომ დუმხართ? ნუთი თქვენთვის არ არის ეს აღმოჩენა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც BBC-სთვის და Reuters-სთვის”, — უთხრა ელისაშვილმა მინისტრს.
წულუკიანმა კითხვას ასე უპასუხა:
“ბატონმა ალეკომ კითხვა დასვა ასე — ყველა ამაზე საუბრობს, BBC და Reuters, და თქვენ ამაზე არ საუბრობთ. ჯერ ეს ერთი, მე არ ვარ არც BBC და არც Reuters. ამ ქვეყანაში BBC არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და Reuters, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ყველაზე ძალიან მაგარი არხი არის “მთავარი”. ერთმაც გააშუქა, მეორემაც, საკმაოდ მსუყედ, შესაბამისად, მე მათ ვერ ჩავანაცვლებ.
კულტურის სამინისტრო გასული დღეების მანძილზე ოროზმანის აღმოჩენას არ გამოხმაურებია. უწყებას აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია არც სოციალურ მედიაში, სადაც მანამდე არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ აუწყა საზოგადოებას.