ახალი ამბებისამართალი

„ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება, თუ არ არის ნათესავი“ — კვლევა ნეპოტიზმზე სასამართლოში

22 სექტემბერი, 2022 • 3519
„ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება, თუ არ არის ნათესავი“ — კვლევა ნეპოტიზმზე სასამართლოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ გამართა კვლევის პრეზენტაცია „ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ფაქტორები სასამართლო სისტემაში“.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლევა  ეფუძნება სასამართლოს გუშაგის მიერ ჩატარებულ 30 სიღრმისეულ ინტერვიუს მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. ამასთან, კვლევაში გაანალიზებულია კანონმდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.

კვლევის რესპონდენტების თანახმად:

  • ნეპოტიზმი და კრონიზმი სასამართლოებში სისტემური და მზარდია;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეების შერჩევისას არაფორმალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ, კერძოდ, ამოწმებენ, რამდენად ლოიალური, სანდო, მართვადი და პროგნოზირებადია კანდიდატი;
  • იუსტიციის საბჭოს წევრები „საკუთარ წრეში“ ეძებენ მოსამართლეობის მსურველებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ; სისტემა დახურულია გარე კადრებისთვის, რომლებსაც მფარველები არ ჰყავთ;
  • სასამართლო სისტემაში კარიერული წინსვლა დამოკიდებულია ლოიალურობის დემონსტრირებასა და მფარველის „წონაზე“;
  • არსებული საკადრო პოლიტიკა მოსამართლეთა მცირე ჯგუფს სისტემის მართვის ბერკეტების მონოპოლიზების საშუალებას აძლევს. დამკვიდრებული პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, ასევე, ზოგადად, მართლმსაჯულების ხარისხსა და ეფექტიანობაზე.

„სასამართლოს გუშაგის“ კონფიდენციალური რესპონდენტები ამბობენ, რომ სასამართლო სისტემაში არათუ მოსამართლეები, სხდომის მდივნები და კანცელარიის თანამშრომლებიც ნაცნობობით ინიშნებიან.

ყოფილი მოსამართლე: „სხვა ფორმა აღარ არსებობს სასამართლოში დანიშვნაზე, მაღალ თანამდებობაზე არ ინიშნება სხვა ნიშნით ადამიანი და არც დაბალ რგოლებში, დიდი ალბათობით. მე რაც გამიგია, ყოველი შემთხვევისთვის, სხდომის მდივნისა და კანცელარიის დონეზეც კი თავიანთი ხალხის გარდა არავინ არ ინიშნება“.

სასამართლოს თანამშრომელი: „ჩემს სასამართლოში, ვიტყოდი, ასეთ შედარებას მოვიყვანდი, რომ აი, ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება, თუ არ არის ნათესავი, ახლობელი, მეგობრის შვილი, ნათელ-მირონი… ჩემს სასამართლოში რაც ხდება, ზუსტად ვიცი, თუმცაღა არ არის ეს მარტო [ჩემს] სასამართლოში, ეს არის მასშტაბური … შეხება გვაქვს ერთმანეთთან. ამ საკითხების განხილვა ხდება“.

ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე: „კი, ნეპოტიზმით და კრონიზმით არის გადავსებული, რა თქმა უნდა, ჩვენი სასამართლო. როგორც მოსამართლეები, ასევე, თანაშემწეებიც ასე ინიშნებიან, ამ ნიშნით.“

რამდენიმე მოსამართლე ამტკიცებდა, რომ კარგი კონტაქტების გარეშე სასამართლოში მოხვედრა შესაძლებელია, მაგრამ იშვიათობაა, უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. რესპონდენტების ნაწილი მიუთითებს ბოლო წლებში ნათესაური და სხვა სოციალური კავშირების მზარდ როლზე სისტემაში დანიშვნისა და დაწინაურების კუთხით.

კვლევის თანახმად, რამდენიმე რესპონდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ არამერიტოკრატიული მიდგომის რისკები შედარებით მაღალია დიდ ქალაქებსა და სასამართლოებში, რადგან აქ მუშაობა უფრო მიმზიდველია. ერთმა რესპონდენტმა მიუთითა, რომ რისკი უფრო მაღალია უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების დონეზე, საქალაქო სასამართლოებთან შედარებით, რადგან პირველი ინსტანციის მოსამართლის „არასასურველი გადაწყვეტილება უფრო მარტივად გასწორდება ზედა ინსტანციაში“; იმავე რესპონდენტის თქმით, ძირითადად რჩება განცდა, რომ „სააპელაციო სასამართლო გაივსო ისეთი მოსამართლეებით… რომლებიც ნაკლებ პრობლემებს შექმნიან და  წინა არასასურველ რაღაცებს გაასწორებენ“.

რესპონდენტები მიუთითებენ მართვადი ან ლოიალური კადრების დანიშვნაზ,ე განსაკუთრებით სააპელაციო ინსტანციაში. ერთმა მოსამართლემ მიუთითა, რომ სპეციალიზაციებში მოსამართლეების გადანაწილება სასურველი შედეგების მიღების მექანიზმია: „თუ მოსამართლე „პრობლემატურია“, ის გადაჰყავთ ნაკლებად სენსიტიურ კატეგორიაში.“

რესპონდენტები მიუთითებენ არაფორმალურ კრიტერიუმებზე, რომლებსაც მოსამართლეების დანიშვნისას ითვალისწინებენ. მიიჩნევა, რომ კადრი უნდა იყოს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალური/ერთგული, სანდო, მართვადი, მორჩილი, პროგნოზირებადი.

რესპონდენტები გამორიცხავენ შემთხვევითი ადამიანების სისტემაში მოხვედრას. მითითება კეთდება იმაზე, რომ კადრებს ეძებენ „თავის წრეში“. მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღნიშნავენ, რომ:

„არ სურთ სხვა, უცხო ხალხის შემოყვანა სისტემაში იმიტომ, რომ ძნელია ახლა, არ იცი, ხვალ და ზეგ ვინ რას იზამს, ამიტომ ურჩევნიათ თავისივე წრიდან რაც არის, გადაწიონ წინ და დაასაქმონ, დანიშნონ, ვერ ენდობიან სხვებს, ასე ვთქვათ.“

რამდენიმე რესპონდენტი მიუთითებდა, რომ მოსამართლეები განიხილავენ გავლენიან ჯგუფთან ახლობლური ურთიერთობის დამყარებას, მათთვის ერთგულების ჩვენებას, როგორც აუცილებლობას კარიერული წინსვლისთვის, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით. მოსამართლეები, რომლებიც არ არიან ასეთი კავშირებზე ორიენტირებულნი, მიიჩნევენ, რომ აზრი არ აქვს კონკურსში მონაწილეობას და კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობა არ არის გადამწყვეტი.

ყოფილი მოსამართლე: „ადამიანების შერჩევა არ ხდება, თუ ვინმე, ფაქტობრივად, არ არის მისი რეკომენდატორი… ვინმე პასუხისმგებლობას თუ არ იღებს თანამშრომელზე ან მოსამართლეზე, … ფაქტობრივად, ეს არის ძირითადი მიმართულება და მხოლოდ ამ ფორმით ხდება, იშვიათი გამონაკლისების გარდა.“

ერთმა მოსამართლემ, რომელმაც სისტემა დატოვა და წლების შემდეგ დაბრუნდა, აღნიშნა, რომ ვითარება მოსამართლეების თვითგამოხატვის თვალსაზრისით გაუარესდა: „ძველად უფრო ბევრს ლაპარაკობდნენ, უფრო ბჭობდნენ, უფრო ღიად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. მე რომ დავბრუნდი, ეს ხაზიც ძაან ჩაკლული დამხვდა და თვალშისაცემი იყო ჩემთვის ეს.“

რამდენიმე რესპონდენტმა მიუთითა ცალკეული მოსამართლეების კონტროლის მიზნით თანაშემწეების გამოყენებაზე. ქცევაზე დაკვირვების მიზანია წესების დარღვევის იდენტიფიცირება, რაც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობის კონტროლს, მათ შორის, სოციალურ მედიაში. კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში რამდენიმე მოსამართლის გააქტიურებას ზოგიერთი რესპონდენტი უკავშირებს მათ უვადოდ დანიშვნას, ანუ მეტ დაცულობას, თუმცა ეს არ გამორიცხავს ამ მოსამართლეების მიმართ სხვა ტიპის სანქციების გამოყენებას, მაგალითად, კარიერული წინსვლის შეფერხებას.

„გამოიკვეთა, რომ სასამართლო სისტემა ფრთხილობს მოსამართლეების და აპარატის თანამშრომლების შერჩევისას, რათა უზრუნველყოს კანდიდატების (არაფორმალურ) კრიტერიუმებთან შესაბამისობა. ლოიალურ და მართვად კადრებზე ორიენტირება ნიშნავს, რომ კვალიფიციურ კადრებს ან არ შეაქვთ განაცხადი, ან შეაქვთ, მაგრამ სასამართლო სისტემაში ვერ ხვდებიან. შესაბამისად, ვაკანტური ადგილები ვერ ივსება ან ივსება კადრებით, რომლებიც საჭირო კონტაქტების გარეშე სისტემაში სხვაგვარად ვერ მოხვდებოდნენ. ცალკე პრობლემად იდენტიფიცირდება კვალიფიციური, არაპრივილეგირებული კადრების გადინება სისტემიდან, ნაწილობრივ გადატვირთულობის და დაბალი ანაზღაურების, ნაწილობრივ კი მოტივაციის დაკარგვის გამო“, — ნათქვამია კვლევაში.

რესპონდენტები მიუთითებენ მმართველი პარტიის მიერ მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატა მათთვის კომფორტული გარემოს შექმნით, უფრო კონკრეტულად: ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს კონკრეტულ მოსამართლეებზე ან მათთვის სასურველ კადრებზე მორგებით; ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების დაგვიანებით, რომლებიც დააკონკრეტებდა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს, შემოიტანდა დასაბუთების მოთხოვნას და გასაჩივრების უფლებას, რითაც იუსტიციის საბჭოს ანგარიშვალდებულს გახდიდა; იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებად გავლენიანი მოსამართლეებისთვის მისაღები პირების გაყვანით ან არამოსამართლე წევრების დანიშვნის დაყოვნებით.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებულმა სასამართლო რეფორმებმა შექმნა პროგრესის ილუზია; ინსტიტუციური და პროცედურული გარანტიები ფასადად იქნა გამოყენებული, რამაც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს სასურველი საკადრო პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა მისცა.

სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმისა და კრონიზმის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები კვლევის თანახმად:

  • მმართველი პარტიის მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა, რომლის ინტერესშიც არის სისტემის მართვადი მოსამართლეებით დაკომპლექტება.
  • მოსამართლეთა დიდი ნაწილის პასიურობა და კონფორმიზმი.
  • სასამართლოში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესი და კონკურენციის ნაკლებობა.
  • დაბალი საზოგადოებრივი ინტერესი ნეპოტიზმისა და კრონიზმის მიმართ.

„სასამართლოს გუშაგის“ რეკომენდაცია: გაიზარდოს ნათესაური კავშირების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა და მოსამართლეებს სასამართლო სისტემის ფარგლებში ნათესაური კავშირების საჯაროდ დეკლარირების ვალდებულება დაეკისროთ; შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა რაოდენობრივი თანაფარდობა; სასამართლო სისტემაში კადრების შერჩევის პროცესის მონიტორინგი განხორციელდეს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ; გატარდეს ზომები იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და გაიზარდოს სასამართლოს აპარატის თანამშრომლების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი