ახალი ამბებირეკლამა

USAID-ის $127 500 ინვესტიცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების განსავითარებლად

21 სექტემბერი, 2022 • 1139
USAID-ის $127 500 ინვესტიცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების განსავითარებლად

დეზინფორმაციასან ბრძოლის ინოვაციების შეჯიბრის ფარგლებში, რომელიც Zinc Network-ის USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში უკვე მეორედ გაიმართა, სამი გამარჯვებული სტარტაპ კომპანია გამოვლინდა. 

გამარჯვებულები – Data Analysis Laboratory, AIDENT – დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მასზე რეაგირებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებს შექმნიან.  ორივე კომპანია, ჯამში, 85 000 აშშ დოლარს მიიღებს.

“ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველოში არსებული ტექნოლოგიური ტალანტი ჩაერთოს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში:

“საზოგადოებით მანიპულირების პრობლემა საქართველოში ძალიან აქტუალურია. ჩვენ უკვე მეორე წელია ვატარებთ კონკურსს, რომელსაც მასში ჩართული კომპანიებისთვის ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია. 

კონკურსის ფარგლებში სტარტაპებმა სხვადასხვა გამოწვევებზე იმუშავეს. გამარჯვებულებს შესაბამისი დაფინანსება გადაეცემათ და საშუალება ექნებათ, საკუთარი ხელსაწყოები განავითარონ,” – აღნიშნავს მიხეილ ბენიძე.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციების შეჯიბრმა სტარტი 21 ივლის აიღო და ტექ. კომპანიებს სამი საკონკურსო დავალება მისცა. პირველი დავალება ისეთი ხელსაწყოს შექმნას მოიაზრებდა, რომელიც სოციალურ ქსელებში კოორდინირებული დეზინფორმაციული ქცევის და ქსელების გამოვლენას შეძლებდა. 

ხელსაწყოს, ასევე, უნდა შესძლებოდა იმის დადგენა, თუ როგორ არიან ეს ქსელები ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ კატეგორიაში AIDENT-მა გაიმარჯვა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტად უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს და დაინტერესებულ მხარეებს დროის უმოკლეს მონაკვეთში მიაწვდის ინფორმაციას.

“ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სტარტაპი ვართ და ამ თანხას პროდუქტის განვითარებაში გამოვიყენებთ

პროდუქტი თვე-ნახევარში გავაკეთეთ, მასზე ექვსი ადამიანი ვმუშაობდით და ძალიან შეგვიყვარდა,” – ამბობს დავით მაღრაძე, კომპანიის დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ  დეზინფორმაციასთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

მეორე დავალების კატეგორიაში Data Analysis Laboratory-იმ გაიმარჯვა. კომპანია ისეთი ხელსაწყოს შექმნის, რომელიც ოპტიკური სიმბოლოების ამოცნობის ფუნქცია აქვს. კერძოდ, პროგრამა დასკანერებულ ფაილებს (screenshots, PDF, djvu) ისეთ სკიპტრად გადააქცევს, რომლის აღქმა ნებისმიერ კომპიუტერს შეეძლება. პროგრამა, მკვლევრებს საეჭვო ბიზნეს კავშირების დროის უმოკლეს მონაკვეთში გამოვლენისა და დახარისხების საშუალებას მისცემს. 

მესამე, თავისუფალ კატეგორიაში გამარჯვებული ჟურნალისტური რესურს ცენტრია. კონკურსის მესამე კატეგორიაში დავალება წინასწარ განსაზღვრული არ არის შესაბამისად ამ კატეგორიაში ისეთი კრეატიული იდეა შეირჩა, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუმჯობესებს. ამ კატეგორიაში, ჟიურის რჩეული, Couching Lab-ის, ლიდერობის გაძლიერების პროგრამაში ჩაერთვება. 

Couching Lab-ის მმართველი პარტნიორი ეკატერინე ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ ხანდახან ძალიან რთულია ნამდვილი და ყალბი ამბავი ერთმანეთისგან გაარჩიო. შესაბამისად, მისი აზრით, მსგავსი სტარტაპების მხარდაჭერა აუცილებელია:

“დღეს აქ რაც ვნახე, რა კრეატიული შესაძლებლობებიც შეიძლება გვქონდეს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მართლაც ძალიან შთამაგონებელია და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება.”

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების პირველი კონკურსი შარშან გაიმართა. შარშანაც და წელსაც, კონკურსი არის უნიკალური შესაძლებლობა, ტექ. კომპანიები აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის დემოკრატიზაციის, ქვეყნის ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების პროცესში. 

დეზინფორმაციის პირველ, შარშანდელ          კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული კომპანია: MettaMine, Pulsar.ai and Wavetech. კომპანიებმა, დაფინანსების სახით ჯამურად, 127,500$ მიიღეს.  ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიის, Wavetech.ai-ის შექმნილ ხელსაწყოს MediaSpeech-ს – შეუძლია ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია. 

კონკურსში, გასულ წელთან შედარებით 78%-თ მეტი განაცხადი შემოვიდა, ფინალში კი 7 კომპანია გავიდა. 

საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი ამბობს, რომ ინოვაციების კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დეზინფორმაციასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს და გააუმჯობესებს არსებულ მდგომარეობას.  

“ჩვენ ვიცით გლობალურად დეზინფორმაცია რა საფრთხეებს უქმნის დემოკრატიას. ეს განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოსთვის მისი ევროინტეგრაციის გზაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ნაწილი ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობისა, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და მოიგერიოს საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია” – ამბობს ჯონ პენელი.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების მეორე კონკურსი ხორციელდება, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამისა, Startup Grind-ისა და საქართველოს ბანის მხარდაჭერით. 

წლევანდელ კონკურსს ასევე მხარს უჭერდნენ, სპონსორი კომპანიები: აჭარაბეთი, Couching Lab და IWPR.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

ზინქ ნეთვორქ

მასალების გადაბეჭდვის წესი