ახალი ამბები

ამაღლდით პარტიულ ინტერესებზე, რადგან არ ვიცით, შესაძლებლობის ფანჯარა რამდენ ხანს იქნება ღია – კალიურანდი

21 სექტემბერი, 2022 • 709
ამაღლდით პარტიულ ინტერესებზე, რადგან არ ვიცით, შესაძლებლობის ფანჯარა რამდენ ხანს იქნება ღია – კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, რომელიც თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სამუშაო შეხვედრის თანათავმჯდომარის რანგში იმყოფება, ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, განზე გადადონ პარტიული ინტერესები და გამონახონ საერთო ენა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

კალიურანდმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა, მათ შორის, საქართველოსთვის, უკრაინელების მსხვერპლის ხარჯზე გაიხსნა და საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს ყველა ზომის მიღება, რათა ქვეყანა არ იქცეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებად.

“გთხოვთ, გაერთიანდით. გთხოვთ, დადექით თქვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გთხოვთ, დაიწყეთ თანამშრომლობა მთელი ერის ინტერესებისთვის. ქართველ ხალხს სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი და ამას იმსახურებს”, – განაცხადა კალიურადმა.

მან მოუწოდა “ქართულ ოცნებას”, გააგრძელოს საქმე, რომელსაც აკეთებს ისე, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ იგრძნოს ჩართულობა – ის, რომ მათი პოზიციები განხილულია, ისინი არიან პროცესის მონაწილენი და ინკლუზიურობა უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში.

მარინა კალიურანდმა ოპოზიციის ნაწილს, რომელიც არ მონაწილეობს მმართველი გუნდის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, კიდევ ერთხელ მოუწოდა და სთხოვა, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

დეოლიგაქრიზაციაზე კითხვის საპასუხოდ ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემების გადაწყვეტა საქართველოს მაგივრად.

“რეფორმების გატარება თქვენს ხელშია. ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ, საუკეთესო პრაქტიკა გაგიზიაროთ, მაგრამ აქ არ ვართ თქვენი შიდა პრობლემების მოსაგვარებლად. ველით, რომ თქვენი პოლიტიკოსები გადაჭრიან დეოლიგარქიზაციის პრობლემას, როგორც ნახსენები იყო ევროკავშირის რეკომენდაციებში”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კალიურანდის თქმით, ასოცირების კომიტეტის მე-11 სამუშაო შეხვედრას არ ჩაუვლია უკრაინის საკითხის განხილვის გარეშე.

“ომს უკრაინაში გავლენა აქვს არა მხოლოდ უკრაინაზე, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, არამედ საქართველოზეც. ქართველმა ხალხმა, ასევე, იწვნია ოკუპაციის და ომის შედეგები. ევროკავშირი არასდროს აღიარებს საქართველოს ოკუპაციას. ამას გავიმეორებთ, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არ დაბრუნდება საქართველოს კონტროლის ქვეშ. დღეს უფრო მეტად ვფიქრობ უკრაინელებზე, მათ ტანჯვაზე, ჯოჯოხეთზე, რომელსაც ისინი გადიან. ვამაყობ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას. ბედნიერი ვარ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა აჩვენა. ასევე, დღეს დაჟინებით მოვუწოდე ჩემს ქართველ კოლეგებს, გააგრძელონ ყველა ზომის მიღება, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული როგორც უკანა კარი სანქციების ასარიდებლად”, – განაცხადა კალიურანდმა.

მან საქართველოს მოუწოდა, გაიზიაროს ესტონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში.

“გვეკითხებიან, როგორ მოახერხა ესტონეთმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, როცა ამას არვის სთხოვდა და არავინ ელოდებოდა. ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით, ჩვენ გვქონდა პატარა შესაძლებლობის ფანჯარა და გამოვიყენეთ ის, იმიტო,მ რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა გამონახეს საერთო ენა – მათ შიდა პოლიტიკა გვერდზე გადადეს, პარტიის ინტერესები გვერდზე გადადეს და უფრო დიდი მიზნისკენ სწრაფვა დაიწყეს. ჩემი რჩევაა, გააკეთეთ იგივე. [შესაძლებლობის] ფანჯარა ღიაა უკრაინელი ქალების, სამოქალაქო პირების და სამხედროების ტანჯვისა და სიკვდილის გამო. ომის გარეშე ჩვენ დღეს არ განვიხილავდით საქართველოს კანდიდატის სტატუსს. გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, მომზადებული იყავით, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი იქნება ფანჯარა ღია”, – დასძინა მარინა კალიურანდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი