ახალი ამბები

პოდოლიაკი საოკუპაციო ძალებს მიმართავს “რეფერენდუმების” დაანონსების შემდეგ

20 სექტემბერი, 2022 • 829
პოდოლიაკი საოკუპაციო ძალებს მიმართავს “რეფერენდუმების” დაანონსების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკში, ლუგანსკსა და ხერსონში “რეფერენდუმების” დაანონსებას ეხმაურება. მისი სიტყვებით, ესაა რუსების “ასიმეტრიული” პასუხი უკრაინის კონტრშეტევაზე.

უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა რუსეთთან შეერთების შესახებ “რეფერენდუმებთან დაკავშირებით”  20 სექტემბერს განაცხადეს. ეს ხდება უკრაინის ძალების კონტრშეტევის ფონზე როგორც აღმოსავლეთში, ისე სამხრეთში.

დონეცკში, ლუგანსკსა და ხერსონში მოქმედი საოკუპაციო ძალები რუსეთთან შეერთებაზე კენჭისყრებს 23-27 სექტემბერს გეგმავენ.

“რუსებმა გადაწყვიტეს, ასიმეტრიულად უპასუხონ უკრაინის კონტრშეტევას. ფიქრობენ, რომ არალეგალური “რეფერენდუმი” შეაჩერებს HIMARS-ებსა და შეიარაღებულ ძალებს ჩვენს მიწაზე ოკუპანტების განადგურებისგან. მართლა გინდათ, გაქცევისათვის საჭირო დრო ახალ შოუს მოახმაროთ? სცადეთ. საინტერესო იქნება”, — წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ჯერ კიდევ 2014 წელს გააქტიურდნენ და მას შემდეგ ებრძვიან უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას.

სეპარატისტების მიერ გამოცხადებული ე.წ. სახალხო რესპუბლიკები რუსეთმა მიმდინარე წელს, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.

ომის პერიოდში რუსეთმა სრულად დაამყარა კონტროლი ლუგანსკის ოლქზე, თუმცა უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ დაიბრუნა სოფელი, რომელიც 10 კმ-ით არის დაშორებული ქალაქ ლუგანსკიდან და ემზადება მთელი ოლქის დასაბრუნებლად.

რაც შეეხება დონეცკის ოლქს, აქ რუსები და მათ მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ტერიტორიის 60%-ს აკონტროლებენ, უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქი კი რუსეთმა მარტში დაიკავა. ამჟამად უკრაინის ძალები კონტრშეტევას ახორციელებენ ხერსონის დასაბრუნებლად.

უკრაინელების კონტრშეტევის შედეგად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე თვეში უკან დაიხიეს ხარკოვის რეგიონიდან, რომლის ნაწილიც მათ ოკუპირებული ჰქონდათ. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც უკრაინამ მიმდინარე თვეში დაიბრუნა, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმია. იქიდან რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს არაერთი სამარხი, სადაც ნაწამები და მოკლული უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს მიაკვლიეს.

ამავე თემაზე:

დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის საოკუპაციო ძალებმა “რეფერენდუმები” დააანონსეს

https://batumelebi.netgazeti.ge/news/436906/

მასალების გადაბეჭდვის წესი