საზოგადოება

პუგაჩოვა ომს ღიად შეეწინააღმდეგა – რას (არ) ცვლის ეს რუსეთში

19 სექტემბერი, 2022 •
პუგაჩოვა ომს ღიად შეეწინააღმდეგა – რას (არ) ცვლის ეს რუსეთში

ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი გააკრიტიკა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პოპულარული რუსი შემსრულებელი მოსკოვის სამხედრო კამპანიას საჯაროდ შეეწინააღმდეგა.

ალა პუგაჩოვამ სოც. ქსელში კრიტიკული პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი, რომელიც მანამდე არაერთგზის შეეწინააღმდეგა ომს, რუსეთის ხელისუფლებამ “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა. ეს გასულ კვირას მოხდა.

“გთხოვთ, შემიყვანოთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოეთის აგენტების სიაში”, — დაწერა პუგაჩოვამ “ინსტაგრამზე”, სადაც 3.4 მილიონი გამომწერი ჰყავს.

“იმიტომ, რომ მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ქმარს, რომელიც არის პატიოსანი და ეთიკური ადამიანი, რუსეთის ჭეშმარიტი და გულახდილი პატრიოტი, რომელსაც მხოლოდ კეთილდღეობა, მშვიდობა და გამოხატვის თავისუფლება სურს სამშობლოში”, — ამატებს მომღერალი.

ალა პუგაჩოვას პირდაპირ არ უხსენებია სიტყვები “ომი” და “უკრაინა”, თუმცა აღნიშნა, რომ გალკინს სურს, “დასრულდეს ჩვენი ბიჭების სიკვდილი მოჩვენებითი მიზნებისათვის, რომლებიც გარიყულად აქცევს ჩვენს ქვეყანას და მძიმედ აწვება მისი მოქალაქეების ცხოვრებას”.

“უცხოეთის აგენტი” არის სტატუსი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოს არაერთ ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს აქვს მინიჭებული.

ალა პუგაჩოვას ქმარი მაქსიმ გალკინი ტელეწამყვანია, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაში. როგორც პუგაჩოვა, ისე გალკინი, ომის დაწყებიდან მალევე რუსეთიდან გაემგზავრნენ, თუმცა აგვისტოში მომღერალი სამშობლოში დაბრუნდა შვილებთან ერთად.

73 წლის ალა პუგაჩოვას კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ის ფართოდ ცნობილი და პოპულარული მომღერალია რუსეთში.

“ვფიქრობ, ეს მისი პირველი ძლიერი პოლიტიკური განცხადებაა და თავისთავად, რა თქმა უნდა, საკმაოდ შოკის მომგვრელია ხალხისთვის რუსეთში.

ვფიქრობ, ის ერთადერთი არ არის, ვინც შეიძლება შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი. რუსეთის არმიის აშკარად არასწორი ქმედებები, უკრაინის არმიის შეტევა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ა.შ, ყველა ეს ფაქტორი პუტინისა და ომის წინააღმდეგ მუშაობს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მორალურად და ემოციურად ალა პუგაჩოვას ეს განცხადება, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალისხმევაა ამ მიმართულებით”, — ეუბნება BBC-ს რუსი მუსიკალური კრიტიკოსი, საკონცერტო პრომოუტერი და რადიოწამყვანი არტიომ ტროიცკი.

ვლადიმერ პუტინი ესალმება ალა პუგაჩოვას. კრემლი, 2014 წლის დეკემბერი. ფოტო: BBC, Getty Images

“მედუზას” მიხედვით, რუსეთის არაერთმა სახელმწიფო/პროსახელისუფლებო მედიასაშუალებამ პუგაჩოვას პოსტის მხოლოდ პირველი ნაწილი გააშუქა, სადაც ის ითხოვს, გამოაცხადონ უცხოეთის აგენტად. ზოგ შემთხვევაში გაშუქებულია მომღერლის საქებარი სიტყვებიც გალკინისადმი, თუმცა არაა ნახსენები ომის კრიტიკა.

ალა პუგაჩოვას პოსტს “ინსტაგრამზე” 600 000-ზე მეტი მოწონება აქვს. სოციალური მედიის მომხმარებლებთან ერთად, DW-ს რუსული გამოცემის ცნობით, მომღერლის განცხადება არაერთმა რუსმა პოლიტიკოსმა, ხელოვანმა და სხვა ცნობილმა სახემ მოიწონა.

“ალა, ჩემი პატივისცემა”, — დაწერა მსახიობმა და რეჟისორმა რენატა ლიტვინოვამ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.

“ალა პუგაჩოვა დადგა სიტყვის თავისუფლებისთვის, რეპრესიებისა და ომის წინააღმდეგ. მილიონი ალისფერი ვარდი ბოროტების ძალების წინააღმდეგ”, -აღნიშნავს ადვოკატი და უფლებადამცველი პაველ ჩიკოვი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი კი წერს:

“ვინ არის პუტინი? პატარა პოლიტიკოსი ალა პუგაჩოვას ეპოქიდან”.

მეორე მხრივ, პუგაჩოვას განცხადებას კრიტიკა მოჰყვა რუსი პოლიტიკოსების ნაწილის, კრემლის პროპაგანდისტებისა და ხელისუფლების სხვა მხარდამჭერებისგან. პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა “ტელეგრამზე” დაწერა: “მშვიდად განისვენე, ალა ბორისოვნა”. რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ ტოლსტოიმ პუგაჩოვა მოიხსენია “ყოფილ პოპულარულ მომღერლად”, რომელმაც რეალობის შეგრძნება დაკარგა.

რუსმა რეპერმა ტიმატიმ, რომელიც ცნობილია თავისი მხარდაჭერით პუტინის ხელისუფლების მიმართ, ასევე გააკრიტიკა პუგაჩოვა.

პუგაჩოვას აქამდე არ უსაუბრია უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ. DW-ს მიხედვით, სოც.მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ პუგაჩოვა ხსენებული განცხადებით ომს კი არ შეეწინააღმდეგა, არამედ თავის ქმარს დაუჭირა მხარი, ზოგმა კი ხაზი გაუსვა, რომ მომღერალს ნახევარი წელი დასჭირდა ომზე რეაქციის გამოსახატად.

მაქსიმ გალკინი 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ასევე გამოეხმაურა მომღერლის განცხადებას, აღნიშნა რა, რომ “ალა ბორისოვნას, უზარმაზარი ადამიანური მასშტაბების მქონე პიროვნების აჯანყება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ” ძირს უთხრის “პუტინის რეჟიმის წამყვან მითოლოგიას; მთავარ ნარატივს, რომელიც ამართლებს ომს”.

მეშვიდე თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა. არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა, ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაკავებულთა რიცხვი კი, დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD Info-ს მიხედვით, 16 400-ს აჭარბებს.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების, შემდეგ გაერომ 5 718 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

18 სექტემბერს “ომის კვლევის ინსტიტუტმა” თქვა, რომ რუსული ძალები ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინული კონტრშეტევისგან თავდაცვის ნაცვლად, „უაზროდ“ უტევენ დასახლებულ პუნქტებს ქალაქების — დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით.

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც უკრაინამ მიმდინარე თვეში დაიბრუნა, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმია. იქიდან რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს არაერთი სამარხი, სადაც ნაწამები და მოკლული უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს მიაკვლიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი