საზოგადოება

დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის საოკუპაციო ძალებმა “რეფერენდუმები” დააანონსეს

20 სექტემბერი, 2022 •
დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის საოკუპაციო ძალებმა “რეფერენდუმები” დააანონსეს

უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმების შესახებ განაცხადეს. ეს ხდება უკრაინის ძალების კონტრშეტევის ფონზე როგორც აღმოსავლეთში, ისე სამხრეთში.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ლუგანსკისა და დონეცკის “სახალხო რესპუბლიკებში” “რეფერენდუმის” ჩატარებას 23-27 სექტემბრისთვის გეგმავენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს არაღიარებული რესპუბლიკების დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოებზე დაყრდნობით.

სანამ თარიღებს გამოაცხადებდნენ, ე.წ. პარლამენტებმა კანონი მიიღეს რეფერენდუმების ჩატარების შესახებ, რომელშიც კენჭისყრის დეტალებია გაწერილი.

ამ ფონზე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთთან შეერთების თაობაზე “რეფერენდუმის” ჩატარება უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დასმულ საოკუპაციო რეჟიმსაც სურს.

რეგიონის ე.წ. მმართველის, ვოლოდიმირ სალდოს განცხადებით, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კენჭისყრის ჩატარებას, დონეცკისა და ლუგანსკის მსგავსად, 23-27 სექტემბერს გულისხმობს. სალდოს თქმით, იმედოვნებს, რომ ხერსონი გახდება “რუსეთის ნაწილი, ერთიანი ქვეყნის სრულფასოვანი სუბიექტი”.

რუსეთის ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, მხარი დაუჭირა “რეფერენდუმებს”. მისი თქმით, ეს შეცვლის ბოლო ათწლეულების მანძილზე რუსეთის განვითარების ვექტორს და მეტად მისცემს საშუალებას კრემლს, დაიცვას მიწები, რომლებიც, მედვედევის თქმით, რუსეთის ტერიტორია გახდება.

“რუსეთის ტერიტორიის ხელყოფა არის დანაშაული, რომელიც საშუალებას იძლევა თავდაცვის ყველა ძალის გამოყენებისა… სწორედ ამიტომაა, რომ ამ რეფერენდუმებს ასე ეშინიათ კიევსა და დასავლეთში”, — დაწერა მან “ტელეგრამზე”.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ჯერ კიდევ 2014 წელს გააქტიურდნენ და მას შემდეგ ებრძვიან უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას.

მიმდინარე წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა სრულად დაამყარა კონტროლი ლუგანსკის ოლქზე, თუმცა უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ დაიბრუნა სოფელი, რომელიც 10 კმ-ით არის დაშორებული ქალაქ ლუგანსკიდან და ემზადება მთელი ოლქის დასაბრუნებლად.

რაც შეეხება დონეცკის ოლქს, აქ რუსები და მათ მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ტერიტორიის 60%-ს აკონტროლებენ.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონის ოლქი რუსეთმა მარტში დაიკავა. ამჟამად უკრაინის ძალები კონტრშეტევას ახორციელებენ რეგიონის დასაბრუნებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი