ახალი ამბები

აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ ძალისმიერი ნაბიჯების გადამდგმელები არ ვართ — დავითულიანი

20 სექტემბერი, 2022 • 637
აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ ძალისმიერი ნაბიჯების გადამდგმელები არ ვართ — დავითულიანი

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე რუსეთის აგრესია, რისკების ზრდასთან ერთად, ახალ შესაძლებლობებსაც იძლევა.

დავითულიანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი საქართველოსთვის აჩენს ევროინტეგრაციის დაჩქარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს.

მისი თქმით, მთავარია, რომ მიმდინარე მოვლენები სწორად დაინახონ და მას სწორად მიუდგნენ.

„სპეციალურად დავაკვირდი აფხაზურ მედიას. ქართულ რეალობაში შესაძლოა, უწყინარი მსჯელობაც კი, რომ ჩვენ ლეგიტიმური უფლება გვაქვს მოვახდინოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია ძალისმიერ მეთოდით, რაც ნამდვილად ასეა, იქ ხდება ძალიან დიდი ინტერპრეტაციების [საგანი] და დიდი რეზონანსი აქვს.

ისეთი სიმაღლიდან პასუხობენ ხოლმე სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, ისეთი ინტერპრეტაციით და ისე ძაბავს იქაურ საზოგადოებას, მგონია, რომ ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით ნებისმიერი მსჯელობისას.

ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს იდენტობის, განვითარების და გადარჩენის უალტერნატივო გზა ევროპაა, ხოლო აფხაზების და ოსი ჩვენი თანამოქალაქეების იდენტობის, გადარჩენის და განვითარების გზა არის ევროპული საქართველო, რომელსაც ჩვენ შევქმნით მათთან ერთად.

არავითარი ძალისმიერი და მათთვის უსაფრთხოების რისკების შემქმნელი ქმედებების და ნაბიჯების გადამდგმელები ჩვენ არ ვართ და ეს გზავნილი ძალიან სწორად უნდა მივიტანოთ მათთან, რადგან როდესაც დადგება ეს დრო და ჩვენ წინაშე ეს შესაძლებლობა აუცილებლად გაჩნდება, აქ ამისი სწორი შეგრძნება ჰქონდეთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი