ახალი ამბები

ადვოკატი: კობახიძის დედამ „ტვ პირველს“ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო

20 სექტემბერი, 2022 • 788
ადვოკატი: კობახიძის დედამ „ტვ პირველს“ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო

ირაკლი კობახიძის დედამ „ტვ პირველს“ სასამართლო დავა მოუგო. სხდომა დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურა „ტვ პირველის“ ადვოკატმა ქეთი ზანდუკელმა. მისი ინფორმაციით, მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ სრულიად გაიზიარა თამარ ზაალიშვილის მოთხოვნა.

ზაალიშვილი ითხოვდა იმავე საშუალებით ცნობის უარყოფას. ამასთანავე, ფინანსურ კომპენსაციას ჟურნალისტებისგან — ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძისგან — 5-5 ლარს, ხოლო ტელეკომპანიისგან და ასევე რესპონდენტ მარინე მიქაუტაძისგან — 5 555 ლარს.

„რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონდარღვევით გამოიტანეს.

მე მაინც მქონდა იმედი, რომ დარჩებოდა მოსამართლე კანონის ფარგლებში, თუმცა არ გამართლდა ჩემი იმედი და, ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების დავალებით გამოტანილი გადაწყვეტილება“ ,— ამბობს ზანდუკელი ნეტგაზეთთან.

საუბარია ტელეკომპანია „პირველს“ 2021 წლის ივლისში გასულ სიუჟეტზე, რომლის ავტორიც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეა. სიუჟეტი თეატრალური უნივერსიტეტის მიერ, სავარაუდოდ, ყალბი დიპლომების გაცემას შეეხებოდა. თამარ ზაალაშვილი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა.

ერთ-ერთი რესპონდენტი, უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი მარინა მიქაუტაძე ამბობს, რომ „თამარ ზაალიშვილს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტაციის სიყალბეზე. თუ არა კორუფციული დაინტერესება, ქალბატონი თამარ ზაალიშვილი ასეთ ყალბ დოკუმენტაციას ხელს არ მოაწერდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი