ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა

17 სექტემბერი, 2022 • 2832
ირაკლი კობახიძის დედამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საუბარია ტელეკომპანია „პირველს“ 2021 წლის ივლისში გასულ სიუჟეტზე, რომლის ავტორიც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეა. სიუჟეტი თეატრალური უნივერსიტეტის მიერ, სავარაუდოდ, ყალბი დიპლომების გაცემას შეეხებოდა.

ერთ-ერთი რესპონდენტი, უნივერისტეტის ყოფილი თანამშრომელი მარინა მიქაუტაძე ამბობს, რომ „თამარ ზაალიშვილს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტაციის სიყალბეზე. თუ არა კორუფციული დაინტერესება, ქალბატონი თამარ ზაალიშვილი ასეთ ყალბ დოკუმენტაციას ხელს არ მოაწერდა“.

კობახიძის დედა კი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 20 სექტემბერს გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი