ახალი ამბები

პრიორიტეტად განიხილეთ საქართველოდან საქმეები ფარულ მიყურადებაზე – ომბუდსმენი სტრასბურგს

20 სექტემბერი, 2022 •
პრიორიტეტად განიხილეთ საქართველოდან საქმეები ფარულ მიყურადებაზე – ომბუდსმენი სტრასბურგს

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სთხოვს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას.

სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მორიგ, სავარაუდოდ, ფარულ მოსმენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან 2020-2021 წლებში.

„პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია განცხადება და არ უარუყვია ის, რომ ჩანაწერში მოხსენიებული პირები არ მუშაობენ მათ სისტემაში. აღნიშნული კი ჟურნალისტების მიერ გაცხადებულ ინფორმაციას მეტ სანდოობას სძენს.

მასობრივი უკანონო სახელმწიფო მიყურადება-თვალთვალის პირობებში შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებების ჯეროვანი რეალიზება. თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება, სამოქალაქო სივრცე აქტივისტებისთვის და სხვა უფლებებით თავისუფალი სარგებლობა – ეს ყველაფერი გამოირიცხება, როდესაც პირადი ცხოვრების დაკვირვების ასეთი მასშტაბია სახეზე“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სიუჟეტში წარმოდგენილი პირადი ცხოვრების მასშტაბური და ტოტალური კონტროლის ლეგიტიმური მიზანი შეუძლებელია არსებობდეს და გამართლდეს რამე სახელმწიფოებრივი ან საჯარო მიზნით – „ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა პოლიტიზების მასშტაბი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებში ნათლად იდენტიფიცირდება და სახელმწიფოს წარმომადგენელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს თავს,“.

ამასთანავე, სახალხო დამცველი წერს:

  • „ საქართველოში მოქმედი პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველობის მექანიზმები რომ არასაკმარისია, ამას არაერთხელ აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი. 2017 წელს მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა არასაკმარისი გარანტიების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წლის დასაწყისში დაასრულა და მას შემდეგ არ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რითაც კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის ვალდებულებას არ ასრულებს.
  • სამწუხაროდ, არც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები არ მუშაობს ამ მიმართულებით (მათ არაეფექტურობაზე საუბრობდა სახელმწიფო ინსპექტორიც თავის ანგარიშებში). 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ სახალხო დამცველმა მოითხოვა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში დაბარება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის დეკემბერში გააუქმა პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ხელმძღვანელი, რითაც უფრო მეტად შეასუსტა პირადი ცხოვრების დაცვაზე ზედამხედველი სისტემის ეფექტურობა.
  • ეროვნულ დონეზე სავარაუდო უკანონო მოსმენების საქმის გამოძიება პროკურატურის კომპეტენციაა და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ყველა უფლებადარღვეული პირი ცნოს დაზარალებულად. ამასთან, აუცილებელია, მოცემული საქმის გამოძიების მიმდინარეობა იყოს გამჭვირვალე და ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდებოდეს საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ პროკურატურამ არ მისცა ზემოხსენებული გამოძიების მასალებზე დაშვება სახალხო დამცველის აპარატს.
  • თუმცა, აქვე, პირადი ცხოვრების უფლების ეფექტიანი დაცვის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ პირს, მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის მექანიზმი.
  • პარალელურად, ვთხოვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს საქართველოდან გაგზავნილი განაცხადები პირადი ცხოვრების თაობაზე, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას“.

შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტური გამოძიება გავიდა, რომელიც ეხებოდა მორიგ, სავარაუდოდ, ფარულ მოსმენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან 2020-2021 წლებში. სიუჟეტში ნაჩვენები იყო არაერთი ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც პოლიტიკოსთა პირად ცხოვრებას ეხებოდა. სიუჟეტის თანახმად, სუსი იყენებს სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის ჩანერგილ ჯაშუშებს, იმისათვის, რომ მიიღოს ცნობები ოპოზიციონერების გადაადგილების, გეგმების და ექიმთან ვიზიტების თაობაზეც კი.

პროკურატურა არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება “სუს-ის ახალ ფაილებზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი