სამართალი

პროკურატურა არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება “სუს-ის ახალ ფაილებზე”

19 სექტემბერი, 2022 • 1849
პროკურატურა არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება “სუს-ის ახალ ფაილებზე”

საქართველოს პროკურატურა არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მხრიდან უკანონო ფარული მიყურადების შესახებ ცნობებს – აუდიო და ვიდეომასალას შეიცავდა .

ნეტგაზეთი დღეს დილიდან ელოდება პროკურატურის პრესსამსახურისგან ინფორმაციას.

შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტური გამოძიება გავიდა, რომელიც ეხებოდა მორიგ, სავარაუდოდ, ფარულ მოსმენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან 2020-2021 წლებში. სიუჟეტში ნაჩვენები იყო არაერთი ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც პოლიტიკოსთა პირად ცხოვრებას ეხებოდა. სიუჟეტის თანახმად, სუსი იყენებს სხვადასხვა საშუალებას, მათ შორის ჩანერგილ ჯაშუშებს, იმისათვის, რომ მიიღოს ცნობები ოპოზიციონერების გადაადგილების, გეგმების და ექიმთან ვიზიტების თაობაზეც კი.

ოპოზიციის ნაწილს იმედი არ აქვს, რომ  “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ამ საქმეს გამოიძიებენ. მათ შორის არის „ლელოს“ წარმომადგენელი – საბა ბუაძე. ის ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც ზემოხსენებულ მასალებში მოხვდა.

ნეტგაზეთთან საუბარში ბუაძე ამბობს, რომ  ჯერ არავინ დაჰკავშირებია პროკურატურიდან.

“გამოძიება დაიწყება თუ არა, ეს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია. პირველი მნიშვნელობისაა – დადგინდება თუ არა სიმართლე და ამის მოლოდინი არ მაქვს. შეიძლება ფორმალურად დაიწყონ გამოძიება, თუმცა ამის ნიშნებიც კი ჯერჯერობით არ არსებობს, სამწუხაროდ“, – ამბობს საბა ბუაძე.

ბუაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება ფარული მოსმენების აღმოფხვრა იყო, თუმცა – „ივანიშვილის რეჟიმმა არათუ შეცვალა მოსმენების სამარცხვინო სისტემა საქართველოში, პირიქით, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აიყვანა“.

„ეს ხელისუფლება დაინტერესებულია „ლელოს“ გეგმებით, [ცდილობს] გადაადგილება წინასწარ იცოდეს და ინფორმირებული იყოს ჩვენი საუბრების შესახებ, თუმცა ჩემთვის ეს არის იმის აღიარება, რომ ამ მთავრობას მართლა ძალიან უჭირს.  ეს არის მათი სისუსტის გამოვლინება. ამიტომაც, ამ ჩვენს საუბარსაც იწერენ და შეუძლიათ უსასრულოდ ისმინონ ჩემი საუბარი, იქნებ რამე მაინც შევიდეს მათ ტვინებში…“, – ამბობს ბუაძე და დასძენს, რომ სუს-ის თანამშრომლები, ვინც შესაძლოა ფარულ მიყურადებაში იღებდნენ მონაწილეობას, უნდა დაფიქრდნენ, რას იგრძნობდნენ, მათ ოჯახის წევრებსაც რომ უსმენდნენ.

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე ასევე ისაუბრა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. ხოშტარია ამბობს, რომ მოსმენების ამ მასშტაბის შემდეგ ოპოზიცია უნდა გადავიდეს „ართანამშრომლობის“ რეჟიმზე. ის ასევე მიიჩნევს, რომ ჩანაწერების გავრცელების საკითხს ბოლომდე არ გამოიძიებენ.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ხოშტარიას განცხადებით, უნდა შედგეს საერთო სახელმწიფო კონსენსუსი უკანონო მიყურადებების წინააღმდეგ – „არავითარი შიში და არავითარი შეგუება.

„ოპოზიცია არის, ჩემი აზრით, ვალდებული, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და გადავიდეს ართანამმშრომლობის ეტაპზე, იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართვა სუს-ის ხელმძღვანელის მიმართ, თითქოს ის გამოიძიებს თავის უკანონობას, სისხლის სამართლის დანაშაულს, არის ილუზია და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი