ახალი ამბები

ოპოზიციის მხარდამჭერთა 63%-ის აზრით, ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს — NDI

16 სექტემბერი, 2022 •
ოპოზიციის მხარდამჭერთა 63%-ის აზრით, ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს — NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

კერძოდ, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა (63%) მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

ჯამში, მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, 14 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

კითხვაზე, ეთანხმებიან, თუ არა, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები  ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, 67% უარყოფითად პასუხობს.

რაც შეეხება მმართველ პარტიაზე დასმულ იმავე კითხვას, გამოკითხულთა 59% არ ეთანხმება, რომ „ქართული ოცნება“  ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ამასთან, კვლევის თანახმად, უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი