ახალი ამბები

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მომხრეთა რაოდენობა მცირედით შემცირდა – NDI

16 სექტემბერი, 2022 • 1001
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მომხრეთა რაოდენობა მცირედით შემცირდა – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 75% უჭერს მხარს საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკაშვირის წევრი. 14%-სთვის ეს მიზანი მიუღებელია, 10% კი ამბობს, რომ არ იცის.

მიმდინარე წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრებას 82% ემხრობოდა. შესაბამისად, როგორც NDI იტყობინება, ევროკავშირისადმი მხარდაჭერის მაჩვენებელი მცირედით შემცირდა, მაგრამ ის კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრების მომხრეთა რაოდენობა ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში შემცირდა — 86%-დან 73%-მდე. ოპოზიციის მხარდამჭერებში ამ მაჩვენებელმა 86%-დან 83%-მდე დაიკლო.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი