ახალი ამბები

U21 მწვრთნელი: ჩემი და ფედერაციის პოზიციაა, რომ ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელი არ უნდა იყოს

15 სექტემბერი, 2022 • 1019
U21 მწვრთნელი: ჩემი და ფედერაციის პოზიციაა, რომ ნაკრებში რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელი არ უნდა იყოს

საქართველოს 21 წლამდელთა საფხბურთო ნაკრების მწვრთნელმა სექტემბრის სანაკრებო პერიოდში გასამართ ამხანაგური შეხვედრების შესახებ ისაუბრა და შემადგენლობა დაასახელა.

Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს რამდენიმე პოზიციაზე სელექციის კუთხით პრობლემები აქვს.

მწვრთნელის განცხადებით, ისურვებდა, რომ რამდენიმე ფესბურთელს კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, მაგრამ რადგან ახლა გუნდი არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, არამედ ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სიტუაცია განსხვავებულია:

„არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამ ტურნირის ჭრილში აღვიქვამთ და როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ვახსენებ, სწორედ მათ მოვიაზრებ. რადგან მომავალში მათი გვეიმედება, სწორედ ამიტომ, ისინი ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. ნებისმიერმა ფეხბურთელმა პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ კლუბში ჰქონდეს პრაქტიკა და შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში“, – აცხადებს რამაზ სვანაძე.

მისი თქმით, პირდად მისი და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს და ეს პოზიცია ურყევია, თუმცა „მოსკოვის დინამოს“ ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე ამ შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნება, მაგრამ აღნიშნავს, რომ მათი დამოკიდებულება ფეხბურთელისთვის ცნობილია:

„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, არა მარტო ლუკა, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელი, რუსეთის ჩემპიონატში არ უნდა თამაშობდეს, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ. ეს არის ჩვენი მყარი და ურყევი პოზიცია.

თვითონ სპორტულ მიმართულებას რაც შეეხება, იგივე ლუკასთან მიმართებაში, ის არის ჩვენთვის ერთ-ერთი იმედის მომცემი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში არა მარტო საქართველოს ნაკრებს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგეს, ჩვენ გვქონდა მასთან კომუნიკაცია, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, ამიტომ მან იცის ჩვენი პოზიცია, მან იცის ჩვენი მიდგომის შესახებ ამ საკითხის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ ფეხბურთელის პოზიციაც და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება და პირველი მოტივი,  რის გამოც ლუკა დღეს ჩვენთან ერთად იქნება, არის ის, რომ მან რაც შეიძლება მალე იპოვოს ის მომავალი, რომელიც უკავშირდება ევროპას და რომელიც ასე საჭიროა მისი განვითარებისთვის“ ,- ამბობს რამაზ სვანაძე.

ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში თბილისისი დინამოდან გადავიდა. სხვა ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით გაგნიძეს რუსეთი ამ დრომდე არ დაუტოვებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი