ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „უფლებები საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოსაძიებელია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის განცხადებები ქართული და რუსული სპეცსამსახურების კავშირებზე.
“ვეხმიანებით 10 სექტემბერს, ტვ პირველის ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემაში გასულ სიუჟეტს, სადაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ გოგაშვილი საპატიმროდან საქართველოს ხელისუფლებასა და იმდროინდელ სუს-ის უფროსს და მოქმედ შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ) პირდაპირ კავშირში სდებს ბრალს.
სიუჟეტში გოგაშვილი და სუს-ის იმდროინდელი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე ქართულ-რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობენ. როგორც შაბათის ეთერში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, 2016 წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა ვლადიკავკაზში შედგა. მისივე მტკიცებით, შეხვედრის მიზანი ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კომუნიკაციის გამყარება, კონტრაბანდისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, რუსეთის მოქალაქეების დახმარება, ასევე რუსეთისთვის ძებნილი პირების არალეგალური გადაცემა იყო. ამავე ინფორმაციით, შეხვედრიდან მალევე გომელაური რამდენჯერმე უშუალოდ შეხვდა რუსეთის ФСБ-ს ხელმძღვანელს. გოგაშვილის მტკიცებით, საქართველო აკრძალული რუსული ტვირთების დერეფნად იქცა.
რამდენიმე დღით ადრე, გოგაშვილმა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლება კოორდინაციაში იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან ე.წ. „სკრიპალების საქმის” გამო საქართველოდან რუსი დიპლომატების გაწვევის პროცესში. გოგაშვილის მტკიცებით, რუსეთის სპეცაგენტების 10- კაციანი სია მოსკოვთან შეთანხმდა.
გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებული მასალა და „ტვ პირველის“ სიუჟეტში აღწერილი გარემოებები, დადასტურების შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ან/და სამოხელეო დანაშაულზე, რუსეთთან ხელისუფლების მჭიდრო კავშირებსა და ანტიდასავლურ კურსზე მიუთითებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. შესაბამისად, გაჟღერებული ინფორმაცია სრულყოფილ და სიღრმისეულ გამოძიებას საჭიროებს.
წლების განმავლობაში გახმაურებული საქმეების შესახებ საჯაროდ არსებული ინფორმაცია აჩენს კითხვებს პროკურატურის არაეფექტიანი და ზოგიერთ შემთხვევაში, შერჩევითი რეაგირების შესახებ. შესაბამისად, საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სიუჟეტში აღწერილ გარემოებებს სათანადოდ გამოიძიებს”.