დღეს, 15 სექტემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს.
ცვლილებებით, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა, სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება, მათ შორის, ორმაგდება ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე. კერძოდ:
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით;
- იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
- ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ, პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას,− გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო თუ აღნიშნულს მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
- ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
- იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა შეზღუდულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით;
- ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული/ძალადაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით;
- . სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.;
- სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, სხვა სატრანსპორტო საშუალების ან შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
- იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
- იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე, − გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით;
- სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით;
- ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.