ახალი ამბები

კობახიძემ მელიას „კაცის კაცი“ უწოდა, მელიამ კობახიძეს — „არაკაცის არაკაცი“

15 სექტემბერი, 2022 • 3039
კობახიძემ მელიას „კაცის კაცი“ უწოდა, მელიამ კობახიძეს — „არაკაცის არაკაცი“

„მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას!“ — ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებას, რომ ზუსტად ერთნაირ ღირებულებით ჭრილში უნდა განვიხილოთ ვითარება, როცა ქართველები ესვრიან აფხაზებს და ოსებს და რუსები ესვრიან უკრაინელებს.

„კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში — უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს. უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია ან არ უნდა რომ გაიგოს!“ — წერს მელია Facebook-ზე.

ენმ-ის თავმჯდომარეს სჯერა, რომ კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი.

„კობახიძე ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!“ — დასძენს იგი.

ნიკა მელიას კრიტიკას უპასუხა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ტერმინ „უსამშობლოს“ მმართველი გუნდი იყენებდა და ახლაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

„ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როდესაც შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და გინდა, სხვისი ტერმინი შეატრიალო — ეს არის კაცობის დეფიციტის გამოვლინება“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ნიკა მელია არის „კაცის კაცი. არა პარტიის ლიდერი, არამედ – ფორმალური თავმჯდომარე“.

„რეალური ლიდერი, მანაც ძალიან კარგად იცის, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც ის არის“, — დასძინა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი შედარება და თქვა:

„ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ასეთი თეორიული განვითარება, როდესაც ქართველი ესვრის აფხაზს ან ქართველი ესვრის ოსს, რა თქმა უნდა, ამის გაიგივება შეიძლება ღირებულებით ჭრილში იმასთან, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს“.

კობახიძის პასუხს „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა ნიკა მელია. მან „ოცნების“ ლიდერს „არაკაცის არაკაცი“ უწოდა.

„კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ. კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა, მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს. ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას. დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ“, — დაწერა ნიკა მელიამ.

ამ თემაზე:

სარკაზმი და ირონია იყო — კობახიძე პლებისციტზე საკუთარ განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი