თბილისში, ლოტკინის დასახლებაში საცხოვრებელი სახლიდან ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებისას პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დააკავეს პოლიტიკოსი კახა კუკავა, რომელიც გამოსახლებას აპროტესტებდა.
კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებს კუკავა გაკავებული ჰყავთ და ხელბორკილებს ადებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აკავებენ, ერთ-ერთი პასუხობს: „წინააღმდეგობას გვიწევს“.
კუკავას გარდა დაკავებულია ორი პირი.
განახლება:
აღსრულების ეროვნულ ბიურშო „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ეს საქმე უწყებაში შევიდა 2019 წელს, შემდეგ პანდემიის გამო გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო, ახლა კი, 3-წლიანი შეუთანხმებლობის შემდეგ, განახლდა:
„ამ სამი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს, სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესთა დაცვის მენეჯერების ჩართულობით მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლაპარაკებები მხარეებთან მათი მორიგების და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით.
იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან, რომელიც თანახმა იყო, მოვალეს გამოესყიდა უძრავი ქონება. ასევე, კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საჩუქრად საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს, თუკი ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა, თუმცა მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას“, – ამბობენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
უწყების განმარტებითვე, აღსრულების ეროვნული ბიურო კანონით ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
„გამოსახლების პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – უთხრეს ნეტგაზეთს 14:35 საათისთვის.
ამასთან, აღსრულების ბიუროს ცნობითვე, აღსრულების პოლიციამ „არაერთი გაფრთხილების შემდეგ, დააკავა 3 პირი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, სამსახურეობრივი ავტომანქანის დაზიანებისა და გამოსახლების პროცესის ხელშეშლის გამო“.
უწყების ცნობით, დაკავებულები სასამართლოში გადაიყვანეს.