ახალი ამბები

„ოცნებიდან“ გასული ოთხეული პარლამენტის საიტზე უმრავლესობის სიაში დააბრუნეს

14 სექტემბერი, 2022 • 1699
„ოცნებიდან“ გასული ოთხეული პარლამენტის საიტზე უმრავლესობის სიაში დააბრუნეს

პარლამენტის ვებ-გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის სია განახლდა და მას კვლავ დაემატა „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხეული.

დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 28 ივნისს განაცხადეს. თქვეს, რომ საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეზე და ამის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩაბმა სურს. მოგვიანებით სამეულს შეუერთდა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. პარლამენტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია მათ მიერ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.

ოთხივე მათგანის გვარი ამოღებული იყო საპარლამენტო უმრავლესობის სიიდან, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თუმცა მას შემდეგ, რაც კაჭრეთში, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის სამუშაო შეხვედრაზე „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხეულის დასწრება მმართველ გუნდში იმით ახსნეს, რომ მათ მხოლოდ პარტია და ფრაქცია დატოვეს და არა — საპარლამენტო უმრავლესობა, პარლამენტის საიტზეც გამოქვეყნებული საპარლამენტო უმრავლესობის სია ოთხეულით განახლდა.

პარლამენტში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა დაწერეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლაზე, პარლამენტის აპარატის კადრების განყოფილებამ ჩათვალა, რომ ეს არის უმრავლესობიდან გასვლაც და მოხსნეს ფრაქციის და უმრავლესობის სიიდან. ხოლო რაც აღმოაჩინეს, რომ დეპუტატებს უმრავლესობა არ დაუტოვებიათ, ისინი სიაში დააბრუნეს“.

ამ თემაზე:

„ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი