საზოგადოება

„ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია

10 სექტემბერი, 2022 • 1339
„ოცნებიდან“ გასულ ოთხეულს საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ.

კაჭრეთის შეხვედრის ამსახველი ფოტოები, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა იყო, თავად პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს, 10 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

„ოთხივე მათგანს პატივს ვცემ და იმ ადამიანებსაც, ვინც „ხალხის ძალის“ გუნდს შეუერთდნენ რეგიონებიდან. ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი თანაგუნდელები არიან, უმრავლესობის წევრები არიან. გასაგებია, რომ ფრაქცია და პარტია დატოვეს, გასაგებია. არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ვერ შევთანხმდებით. დანარჩენთან დაკავშირებით, ეს ასე იყო თუ არ იყო, დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი რომ გვდომოდა, ჩვენ ვილაპარაკებდით ამაზე, თუმცა, იმათ ვერ დავაბრალებ, რომ რამე არასწორ ინფორმაციას ახმოვანებენ“, — განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ასევე, განმარტა, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა — პარტიის.

დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ 28 ივნისს განაცხადეს. თქვეს, რომ საზოგადოებას „მეტი ინფორმაცია“ უნდა მიაწოდონ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეზე და ამის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს დასავლეთის საქართველო ომში ჩაბმა სურს. მოგვიანებით, სამეულს შეუერთდა დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. პარლამენტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია მათ მიერ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ.

საპარლამენტო ფრაქციები და უფრაქციო დეპუტატები გადანაწილებულები არიან საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაში. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საპარლამენტო უმრავლესობის სიიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის გვარები ამოღებულია, თუმცა კაჭრეთის სამუშაო შეხვედრის ფოტოების გავრცელების ფონზე გაცხადდა, რომ პარტიიდან და ფრაქციიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი