ახალი ამბები

სამნიძეს „რეფორმების ჯგუფში“ სადავეები გაექცა – პაპუაშვილი

14 სექტემბერი, 2022 • 751
სამნიძეს „რეფორმების ჯგუფში“ სადავეები გაექცა – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხათუნა სამნიძეს პარლამენტში „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელის „სადავეები გაექცა“.

„რეფორმების ჯგუფი“ პარლამენტში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფია, რომლის შემადგენლობაშიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად შედიან რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე და დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.

როგორც პაპუაშვილი ამბობს,  ბოლო დროს „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებები ზედმეტად დესტრუქციული გახდა  და „რეფორმების ჯგუფს“ სრულად ემიჯნება.

„ვხედავ, რომ ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ხათუნა სამნიძეს, სადავეები გაექცა პოლიტიკურ ჯგუფში და ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ჯგუფის წევრებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ყველა ზღვარს არიან გაცდენილი, მათ შორის, ეთიკურობის კუთხით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას უპასუხა თავად ხათუნა სამნიძემ და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფი მშობელთა კრება არაა. სამნიძის თქმით, უმჯობესია, პოლიტიკურ ჯგუფის თავმჯდომარის გამოწვევა აზრთა სხვადასხვაობა იყოს, ვიდრე სხვისი დავალებების შესრულება.

„გასაგებია, რა მიზანიც აქვს სპიკერს, მაგრამ ამ მდარე მიზნების გარდა, აუცილებლად მინდა შევახსენო: უმჯობესია, პოლიტიკურ ჯგუფში/ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობა იყოს თავმჯდომარის გამოწვევა, ვიდრე სხვისი დავალებების შემსრულებელი იყოს თავმჯდომარე/სპიკერი!!

და აქვე, ჩვენს ჯგუფში ორი სხვადასხვა პარტიაა და ვთანამშრომლობთ. მაგალითია ეს განსხვავებული პოზიციების მქონე პოლიტიკოსების ერთად მუშობის. ეს ვერ წარმოუდგენია ბატონ შალვას, რა თქმა უნდა, ვინც მათ არ ეთანხმება, მტერია და როგორ წარმოიდგენს, რომ მე და გიორგი შეიძლება ერთად ვმუშაობდეთ!

ფრთხილად, ბოტონო სპიკერო, ასეთი შეფასებებისას! მშობელთა კრება არაა პოლიტიკური ჯგუფი და მთლად ნუ გამოფენთ, ნებსით თუ უნებლიეთ, თქვენს ფრაქციას როგორი მართვის სტილი აქვს“, – დაწერა სამნიძემ სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი