ახალი ამბები

ყაზახეთის დედაქალაქს კვლავ ასტანას დაარქმევენ

14 სექტემბერი, 2022 • 1340
ყაზახეთის დედაქალაქს კვლავ ასტანას დაარქმევენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანს ძველ სახელს დაუბრუნებენ და ის კვლავ ასტანა იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე დაწერა ყაზახეთის პრეზიდენტის სპიკერმა რუსლან ჟელდიბეიმ.

მისი თქმით, ყაზახეთის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა ჯგუფმა მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარ ტოკაევი.

ყაზახეთის დედაქალაქს 2019 წლის მარტამდეც ასტანა ერქვა, მაგრამ სახელი შეუცვალეს და ყოფილი ლიდერის პატივსაცემად ნურსულთანი დაარქვეს. როგორც პრეზიდენტის სპიკერი აცხადებს, ძველი სახელის დაბრუნება მოსახლეობის თხოვნის შემდეგ გადაწყვიტეს.

ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან მართავდა, გადადგომის შესახებ 2019 წლის 19 მარტს განაცხადა. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ყაზახეთის სენატის სპიკერი კასიმ-ჯომარ ტოკაევი ასრულებდა, რომელიც შემდეგ პრეზიდენტი გახდა.

როგორც Al Jazeera წერს, ტოკაევმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო გარკვეული რეფორმები, რაც არ ჯდებოდა ნაზარბაევის პოლიტიკაში, თუმცა მუდმივად უსვამს ხაზს ქვეყნის ყოფილი ლიდერის როლს თანამედროვე ყაზახეთის გაძლიერებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი