ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თბილისი მზადაა მედიაციისთვის” – ღარიბაშვილი ფაშინიანს ესაუბრა

13 სექტემბერი, 2022 • 1740
“თბილისი მზადაა მედიაციისთვის” – ღარიბაშვილი ფაშინიანს ესაუბრა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

“საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა”.

როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის”.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტენსიური დაბომბვა დაიწყო სომხეთის ქალაქებში  – გორისში, ჯერმუკსა და სოთქში სამხედრო პოზიციების მიმართულებით. უწყების ცნობითვე, მოწინააღმდეგემ, არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის პარალელურად, დასაბომბად დრონები გამოიყენა.

სომხეთის ქალაქების დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანის საპასუხო განცხადებაში წერია, რომ მისი მოქმედებები გამოწვეულია სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაციით.

სომხეთი დახმარებისთვის რუსეთს, ОДКБ-ს და გაეროს მიმართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი