ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, გოგაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქონება დაუყადაღეს

13 სექტემბერი, 2022 • 665
ადვოკატის თქმით, გოგაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ქონება დაუყადაღეს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების თქმით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააყადაღეს მათი უძრავ-მოძრავი ქონება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს დაკავებული მაღალჩინოსნის შვილმა, ნინო გოგაშვილმა და მისმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

ნინო გოგაშვილის თქმით, ამ დროისთვის დაყადაღებულია სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის 10-მდე პირის ქონება.

“ჩემს საკუთრებაში მყოფი ბინაა დაყადაღებული, რომელიც საბანკო სესხის საშუალებით შევიძინე. დაახლოებით 5-6 წელი ვიხდიდი ამ ბინის სესხს და რამდენიმე თვეა დავასრულე. სრულიად კანონიერად მაქვს შეძენილი ეს სახლი ისევე, როგორც ყველა სხვა ქონება”, – განაცხადა ნინო გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო განჩინება 11 სექტემბრით თარიღდება, ოჯახის წევრებს კი გუშინ, 12 სექტემბერს შეატყობინეს ამის შესახებ. რამაზ ჩინჩალაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა ბრალის დამძიმებას გეგმავს და ვარაუდობს, რომ უწყება გამოძიებას აწარმოებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საქმეზე.

“სავარაუდოდ, შესაძლებელია დაუმძიმდეს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით. თუ ოფიციალურად მოხდება ახალი ბრალდების წარდგენა, მაგალითად, უკანონოდ შემოსავლის ლეგალიზაციასთან ან სხვა ქონებრივ დანაშაულთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა დაყადაღებული ქონების კანონიერებას დავადასტურებთ”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ქონების დაყადაღება გოგაშვილისთვის ამჟამად წარდგენილი ბრალდებებს არ უკავშირდება.

ნინო გოგაშვილის თქმით, ქონების დაყადაღების საკითხის გასაჩივრებას გეგმავენ.

იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რომელი მუხლით დაუყადაღეს ქონება სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, “ნეტგაზეთმა” პროკურატურას მიმართა, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს და სმს-ებს სტატიის გამოქვეყნების მომენტამდე არ პასუხობდნენ. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი