ახალი ამბები

ფსკერს ქვემოთ დაშვებული იყო კრამონის განცხადება, არა კობახიძის – სარჯველაძე

12 სექტემბერი, 2022 • 760
ფსკერს ქვემოთ დაშვებული იყო კრამონის განცხადება, არა კობახიძის – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თავისი განცხადებებით „ფსკერს ქვემოთ დაეშვა“.

„პალიტრანიუსთან“ საუბარში სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ამჟამადბსაქართველოს სრულფასოვანი და საქმიანი პარტნიორობა აქვს საერთაშორისო პარტნიოაებთან, მათ შორის, ევროკავშირთან.

„ნუ გავაიგივებთ ევროპის პოზიციას რომელიმე ისეთი ევროპარლამენტარის პოზიციასთან, რომელიც აშკარად შემჩნეულია ამ შემთხვევაში გულშემატკივრობაში აქაური, რომელიმე ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური გუნდისა. უფრო მეტ მეგობრობაში არიან, ასე ვთქვათ, შემჩნეული და ა.შ. და ამით არის ახსნილი და განპირობებული მათი სენტიმენტები“, – დასძინა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აისახება „ოცნების“, უფრო კონკრეტულად კი, მისი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები ევროკავშირთან ურთიერთობაზე – სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს ასე არ მოხდება.

დამატებით კითხვაზე კი, რომელიც კობახიძის რეპლიკას ეხება ფონ კრამონის მიმართ, რა დროსაც მან თქვა, რომ ევროპარლამენტარი „არსად არ არის შესაშვები“, სარჯველაძე ამბობს:

„ნამდვილად საქმიან ურთიერთობაზე ეს არც ერთ შემთხვევაში, ცალკეული დეპუტატების ცალკეული გამოხდომები, ამასთან დაკავშირებული ხისტი პასუხები ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად პრობლემასა და დისონანსს ვერ შეიტანს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში“, – ამატებს ის.

„აბსოლუტურად არაფერი იყო ზღვარგადასული ირაკლი კობახიძის რეპლიკაში, მაგრამ ზღვარგადასული იყო და მართლა ფსკერს ქვემოთ დაშვებული თვითონ კრამონის განცხადება“.


სექტემბრის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი უთხრეს. ევროპარლამენტარი ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია გვარამიასადმი სოლიდარობის ჩვენება.

ამაზე საუბრისას „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არათუ ნიკა გვარამიას მოსანახულებლად, „არამედ არსად არ არის შესაშვები,“.

ამაზე საპასუხოდ კრამონმა ტვიტერზე დაწერა, რომ კობახიძე ყოველ ჯერზე უფრო ქვემოთ ეშვება.

„საწყალი საქართველო. მისმა ხალხმა უკეთესი დაიმსახურა. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, — წერდა ფონ კრამონი.

წაიკითხეთ ვრცლად:

უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს — ფონ კრამონი კობახიძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი