ახალი ამბები

უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს — ფონ კრამონი კობახიძეზე

8 სექტემბერი, 2022 •
უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს — ფონ კრამონი კობახიძეზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მასზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ფონ კრამონის შეფასებით, კობახიძე ყოველ ჯერზე უფრო ქვემოთ ეშვება.

ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე” გააზიარა მოძრაობა “სირცხვილიას” პოსტი, რომელშიც კობახიძის განცხადებებია მოყვანილი.

“ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ამაზე ქვემოთ აღარ დაეშვება, ის უფრო დაბლა ეშვება და მეტ ტყუილს ამბობს. საწყალი საქართველო. მისმა ხალხმა უკეთესი დაიმსახურა. მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, რაც უნდა დაბლა დაეშვან ისინი”, — წერს ფონ კრამონი.

კობახიძე ამბობს, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რომლებიც თბილისში მყოფმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა, ის არსად შესაშვები არაა. მანამდე ფონ კრამონმა განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დირექტორის მოსანახულებლად ციხეში არ შეუშვეს.

“…ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან“, — თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი